ნიგერია

გემზე დამალული 4 ნიგერიელი კაცი ევროპის ნაცვლად ბრაზილიაში აღმოჩნდა

4 ნიგერიელი კაცი, რომელიც ევროპაში გადასვლას 14 დღე სატვირთო გემის საჭის ზემოთ პატარა სივრცეში დამალული ცდილობდა, ბრაზილიაში აღმოჩნდა

მე-10 დღეს მათ წყალი და საკვები გაუთავდათ და გადასარჩენად ოკეანის წყალს სვამდნენ. ისინი ბრაზილიის პოლიციამ გადაარჩინა. კაცები იმედოვნებდნენ, რომ ევროპაში მოხვდებოდნენ და მათივე თქმით, გაოგნებულები დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ ბრაზილიაში აღმოჩნდნენ. ორმა კაცმა ნიგერიაში დაბრუნება გადაწყვიტა, ხოლო დარჩენილმა ორმა ბრაზილიაში თავშესაფარი მოითხოვა. 

კაცები აღნიშნავენ, რომ ნიგერიის დატოვება გაჭირვების, პოლიტიკური არასტაბილურობისა და კრიმინალის გამო გადაწყვიტეს.

"ეს იყო საშინელი გამოცდილება ჩემთვის. ბორტზე ყოფნა ადვილი არ არის. ვკანკალებდი, ისე მეშინოდა, მაგრამ მე აქ ვარ". - თქვა 38 წლის მადგოდ ოპემიპო მეთიუ იეიმ, ოთხი ნიგერიელიდან ერთ-ერთმა.

ოპემიპო იხსენებს, როგორ ეშინოდათ, რომ ეკიპაჟის წევრებს არ გაეგოთ მათი იქ ყოფნა, რადგან ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, ისინი წყალში გადაეყარათ. ამასთან, ის ამბობს, რომ დაბლა ჩახედვისას ისინი დიდ თევზებს ხედავდნენ, "როგორიცაა ვეშაპები და ზვიგენები". ძრავის ხმაურისა და შიშის გამო ისინი იშვიათად იძინებდნენ, მაგრამ ის დასძენს, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან მათ გადარჩენა შეძლეს. 

კომენტარები