საქართველო-ევროკავშირი

კირთაძე EU-ს ანგარიშზე: ქართული ოცნების პირობებში ვერ გავხდებით თავისუფალი სამყაროს წევრი

ევროპული საქართველოს წევრი თენგო კირთაძე ადამიანის უფლებების და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით ქართული ოცნება ქვეყნის დასავლეთისაკენ სვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. 

"საქართველოს შეფასება ევროპის კავშირის წლიურ ანგარიშში სავსებით მოსალოდნელი იყო. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ვერ გვექნება ვერანაირი პროგრესი და წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვერ გავხდებით თავისუფალი სამყაროს წევრი, NATO-ს და ევროკავშირის წევრი. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს თავისი პოლიტიკით, რომ რუსეთის ფედერაციის წინაშე დაგვტოვოს მარტო". - ამბობს კირთაძე. 

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულია, რომ საჭიროა ძალისხმევა სასამართლოს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში მუშაობისას ყურადღება გაამახვილეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანაზე და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე.

კომენტარები