საქართველო-რუსეთი

ბათუმში აქციაზე დაკავებული 23 ადამიანიდან 15 ხელწერით გაათავისუფლეს

ფოტო: ბათუმელები

ბათუმში რუსეთუდან ხომალდ Astoria Grande-ს შემოსვლის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე დაკავებული 23 ადამიანიდან 15 ხელწერილით გაათავისუფლეს. 

IPN-ის ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებული 15 ადამიანის საქმე განიხილა და ისინი სასამართლო დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. 

დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესი ხვალ, 2 აგვისტოს უნდა გაიმართოს. 

31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეც იყო.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. 

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები