აფხაზეთი

1-ელი აგვისტოდან აფხაზეთში საჯარო სივრცეებში საცურაო კოსტიუმით სიარული იკრძალება

სოხუმის სანაპირო 
Dominik Cagara/OC Media

1-ელი აგვისტოდან აფხაზეთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში "არასათანადო ფორმით" გამოჩენისთვის ჯარიმა წესდება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია წერს

8 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეორე, საბოლოო მოსმენით მიიღეს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, ტურისტები, რომლებიც ქუჩებში, სკვერებში, პარკებში შიშვლები ან საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილები ივლიან, 6 ათასი რუბლით დაჯარიმდებიან. ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ეკრძალება "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არასათანადო ფორმით გამოჩენა".

აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დაუთ ხუტაბამ აღნიშნა, რომ კანონის აღსრულების ძალაში შესვლა გადაიდო, რათა სავარაუდოდ, ქალაქის და რეგიონების ადმინისტრაციებს აკრძალვის შესახებ ბანერების და საინფორმაციო სტენდების დამონტაჟებისთვის საკმარისი დრო ჰქონოდათ. 

"მსგავსი რამ არსად მინახავს, შესაძლოა, ქალაქებისა და რეგიონების ადმინისტრაციას არ ჰქონდა საკმარისი დრო ბანერების მოსამზადებლად, მაგრამ თავად კანონი დღეს უკვე შევიდა ძალაში". - თქვა დაუთ ხუტაბამ. 

მისივე თქმით, კანონის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ხუტაბამ ასევე აღნიშნა, რომ რუსულ მედიას ინტერვიუ პირადად მისცა. 

"ჩვენ ხალხის დასჯის მიზანი არ გვაქვს, უბრალოდ, საჭიროა, რომ ხალხმა სათანადო ფორმაში გამოწყობილმა იაროს. იმედი მაქვს, ინფორმირების საშუალებით ეს საკანონმდებლო ნორმა გავლენას იქონიებს ჩვენს მოქალაქეებზე, სტუმრებზე და ისინი დაიცავენ ელემენტარულ წესებს". - თქვა ხუტაბამ, 

კომენტარები