საგამოძიებო სამსახური

იძულებით გადაუღო ფოტოები, გააუპატიურა და არასრულწლოვან შვილს გადაუგზავნა – საგამოძიებო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის ივნისი-ივლისის  პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილა, მათგან 2 პირი დაკავებულია, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონში მცხოვრებმა 1985 წ-ს დაბადებულმა ი.ა-მ , 2022 წლის 28 მაისს, შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც, კუთვნილი მობილური ტელეფონით აღნიშნული პროცესი უკანონოდ გადაიღო.

ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი "ფეისბუქ მესენჯერის" საშუალებით დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს გადაუგზავნა.

უწყების ცნობით, გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ კიდევ 6 პირს, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით,  პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.

ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის facebook-ის და whatsapp-ის საშუალებით  სხვა პირებს უგზავნიდნენ. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, ოპერატიული ღონისძიებები მოკლე დროში ჩაატარა, რის შემდეგაც ბრალდებულები ამხილეს. 

კომენტარები