საგამოძიებო სამსახური

შეღავათიანი აგროკრედიტი პირადი მიზნებისთვის გამოიყენეს – 14 პირს ბრალი წარედგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე,  14 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ბრალდებულებმა 2019-2022 წლებში, სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან მიიღეს საერთო ჯამში 1 421 000 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებასა და ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას.  

დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა თანხები გამოიყენეს არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, დაამზადეს ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორებმა შეადგენეს ყალბი დასკვნები, კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.

დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა ჯამში - 182 854 ლარი, ხოლო საქმეზე ჩატარებული დროული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოზე დამატებით 293 469 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა.  ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
 

კომენტარები