საგამოძიებო სამსახური

საქმროსთან სქესობრივი აქტისას გადაუღო, დაემუქრა და გააუპატიურა – დაკავებულია ერთი პირი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის ივნისი-ივლისის  პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილა, მათგან 2 პირი დაკავებულია, ხოლო 6 პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვან დაზარალებულს, საქმროსთან სქესობრივი აქტისას, მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები.

"მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ კიდევ 6 პირს, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით,  პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.

უწყების ცნობით, ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის facebook-ის და whatsapp-ის საშუალებით  სხვა პირებს უგზავნიდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, ოპერატიული ღონისძიებები მოკლე დროში ჩაატარა, რის შემდეგაც ბრალდებულები ამხილეს. 

კომენტარები