საქართველო-ჩინეთი

დეგნანი: ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს ჩინეთის ერთი სარტყლის და გზის ინიციატივას

US Embassy Tbilisi, Georgia / Facebook

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საქართველოს მთავრობის საქმეა, თუ რა სახის ურთიერთობა ექნება ჩინეთთან, თუმცა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ არაერთი ქვეყანა ჩინეთის ინიციატივებს ზურგს აქცევს.

"რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს ერთი სარტყლის და გზის ინიციატივას, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი. აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული წლების განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია ძალიან პოზიტიურია და მკაფიოდ აჩვენებს იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელიც მოიტანა აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობამ". – თქვა კელი დეგნანმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დელეგაციის ჩინეთში გამართული რამდენიმედღიანი ვიზიტის პარალელურად გამოქვეყნდა ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ერთობლივ განცხადებაში გამოყოფილია პარტნიორობის 4 მიმართულება:

  • პოლიტიკური განზომილება;
  • ეკონომიკური განზომილება;
  • ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება;
  • საერთაშორისო განზომილება.

რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში

კომენტარები