საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა. გახსნას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ, მათ შორის, სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილის თქმით, სკულპტურის გახსნით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურის გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულება.
"ნება მომეცით, საუბარი დავიწყო იმით, თუ რამდენად მადლობელი ვარ მისი აღმატებულება, პრეზიდენტი სი ძინპინისადმი, მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ჩენგდუში საზაფხულო მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე რომ მოგვიწვია. ძალიან მადლობელი ვართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა.
უსაზღვრო სიამაყითა და სიხარულით შევიკრიბეთ დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურის გახსნის აღსანიშნავად. უნდა განვაცხადო, რომ განსაკუთრებით მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სისთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი.
გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს.
ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი". - ამბობს ღარიბაშვილი.





