ევგენი პრიგოჟინი

რუსეთში პრიგოჟინი, შესაძლოა, ესწრებოდეს სამიტს, რომელსაც პუტინი უძღვება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედ ორგანიზაცია რუსეთი სახლის დირექტორის, დმიტრი სიტიის სახელით შექმნილი Facebook-ის ანგარიშის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, რუსეთში ესწრება რუსეთ-აფრიკის სამიტს, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს. 

"ბატონმა ელჩმა რუსეთ-აფრიკის სამიტის პირველი ფოტოები გამიზიარა. ნაცნობ სახეებს ვხედავთ". – წერია, სავარაუდოდ, დმიტრი სიტიის Facebook-გვერდზე და დართულია ფოტოც, რომელშიც პრიგოჟინი ჩანს. 

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის ანგარიშზე, რომელსაც დმიტრი სიტიი აწერია და ფოტოს აქვეყნებს, ერთადერთი პოსტი, ზემოხსენებული სურათი დევს. ამას გარდა, Facebook-მეგობართა სიაშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავს.

დმიტრი სიტიი აშშ-ს მიერ სანქცირებულია ვაგნერის ჯგუფთან არსებული კავშირების გამო.

გავრცელებულ ფოტოზე დაყრდნობით რთულია თქმა, პრიგოჟინი უშუალოდ სამიტზე იმყოფებოდა, თუ აფრიკელ დიპლომატს სანქტ-პეტერბურგის რომელიმე სასტუმროში შეხვდა. შეუძლებელია ფოტოს გადაღების თარიღის დადგენაც.

მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინმა კსკ ვაგნერის მეშვეობით სამხედრო გადატრიალება სცადა, ის საჯაროდ აღარ გამოჩენილა. თავდაპირველად კრემლში გამოაცხადეს, რომ შეთანხმების მიხედვით, ოლიგარქი საცხოვრებლად ბელარუსში გადავიდოდა. როგორც შემდეგ გაირკვა, პრიგოჟინი რუსეთის ტერიტორიაზე, სულ მცირე, ერთხელ მაინც იმყოფებოდა, როცა 29 ივნისს კრემლში ვაგნერის მეთაურებსა და პუტინს შორის შეხვედრა შედგა. რუსეთში დაფრინავდა მასთან კავშირში მყოფი თვითმფრინავიც. 

გასული წლის დეკემბერში პრიგოჟინი ირწმუნებოდა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დმიტრი სიტიის მკვლელობა სცადეს. ის თავდასხმაში საფრანგეთს ადანაშაულებდა.

კომენტარები