ირანი

პოსტერზე ჰიჯაბის გარეშე გამოსახული მსახიობის გამო ირანში კინოფესტივალი აკრძალეს

სუსან ტასმილი ISFA-ს პოსტერზე
Instagram

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოსტერზე ჰიჯაბის გარეშე გამოსახული მსახიობის გამო ქვეყანაში კინოფესტივალი აკრძალეს.

მთავრობის გადაწყვეტილება ირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ასოციაციის (ISFA) მიერ მოახლოებული კინოფესტივალის პოსტერის გამოქვეყნებას მოჰყვა, რომელზეც 1982 წელს გადაღებული ფილმის, იეზდიგერდის სიკვდილის მსახიობი, სუსან ტასმილი ჰიჯაბის გარეშეა გამოსახული.

"კულტურის მინისტრმა ISFA-ს ფილმის ფესტივალის აკრძალვის შესახებ ბრძანება პირადად გამოსცა, კანონის დარღვევით ჰიჯაბის გარეშე ქალის ფოტოს პოსტერად გამოყენების შემდეგ". - ამბობს სახელმწიფო მედია IRNA.

ფესტივალი სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო.


ქალებისთვის ჰიჯაბის ტარება, რომელიც თავსა და ყელს ფარავს, ირანში 1983 წელს, ისლამური რევოლუციიდან 4 წლის შემდეგ გახდა სავალდებულო. რეგულაციას ირანის მორალის პოლიცია აკონტროლებს.

ჰიჯაბის ტარებაზე კონტროლი მასობრივი აქციების შეკავების მიზნით გასულ თვეებში შედარებით შემსუბუქებული იყო. აქციები მორალის პოლიციის მიერ 2022 წლის სექტემბერში ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა.

საპროტესტო აქციები ძირითადად ჩაიშალა 2023 წლის დასაწყისში მძიმე დარბევის შემდეგ, რომლის დროსაც 500-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა და თითქმის 20 000 დააკავეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ირანის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქ თეირანში ქალებმა პროტესტის ნიშნად ჰიჯაბის ტარება შეწყვიტეს.

ხელისუფლება მთელი კრიზისის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ შესამოსელთან დაკავშირებული წესები არ შეცვლილა. ირანის სასულიერო მმართველები ჰიჯაბს განიხილავენ, როგორც ისლამური რევოლუციის მთავარ საყრდენს, რომელმაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა.

16 ივლისს ირანის პოლიციის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ მორალის პოლიცია გააგრძელებს ქალების დაკავებას, რომლებიც საზოგადოებაში ჰიჯაბის ტარებაზე უარს იტყვიან.

კომენტარები