იგორ გირკინი

დაკავებული იგორ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემიზმისკენ საჯარო მოწოდებებში

რომაელი მებრძოლის სამოსში გამოწყობილი იგორ გირკინი ისტორიულ რეკონსტრუქციაზე.

დაკავებული რუსი ულტრანაციონალისტი, იგორ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემისტული საქმიანობის შესრულებისკენ საჯარო მოწოდებებში, მედიისა და ინტერენტის გამოყენებით. ინფორმაცია ამის შესახებ უკვე მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.

საგამოძიებო კომიტეტი გირკინის დაკავებას ითხოვს. მის საქმეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გირკინს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ულტრანაციონალისტი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) საკუთარი სახლიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს და ჩხრეკა ჩაატარეს.

წინასწარი ინფორმაციით, ის დააკავეს ყოფილი ვაგნერელის განცხადების გამო. გირკინის ტელეგრამ-არხზე მისმა ცოლმა, მიროსლავ რეგინსკამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სახლში არ იყო, როდესაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მისი თქმით, ქმრის მეგობრებისგან გაიგო, რომ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემიზმში.

გირკინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ასევე, ითხოვდა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. ის დაპირისპირებული იყო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან და მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთანაც. გასულ თვეებში მან შექნმა მოძრაობა გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი.

გირკინი უკმაყოფილო იყო გავრცელებული ცნობით, რომ ვაგნერელები ანაპის სასტუმროში განათავსეს. ულტრანაციონალისტის მიერ მოქირავნეთა ჯგუფის კრიტიკით უკმაყოფილო იყო გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბის ზოგიერთი წევრი, რომლებიც გირკინს რიტორიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდებდნენ. გირკინი საპასუხოდ იმუქრებოდა, რომ კლუბს დატოვებდა.

კომენტარები