ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტართა ჯგუფი ალტ-ინფოსა და მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

18 ივლისით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტის LGBT+ უფლებებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც 157 პარლამენტარისგან შედგება, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს, ჰელენა დალის წერილით მიმართავენ და Pride Fest-ის დარბევაში მონაწილე სუბიექტების დასანქცირებას ითხოვენ.

ორგვერდიან წერილში ადრესანტები მოკლედ აღწერენ 8 ივლისს თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ფესტივალის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ალტ-ინფოს მიერ მოწყობილ რბევას. ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნების ვალდებულებას, რომ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში LGBTIQ-ფობიური რიტორიკის მატებით, რაც LGBTIQ ადამიანების მიმართ სერიოზულ დისკრიმინაციას ახდენს. თუ LGBTIQ-ფობიური აგრესიის ეს საზარელი აქტი ხელისუფლების მიერ საფუძვლიანად გამოძიებული და შესაბამისი ქართველი აქტორების მიერ მტკიცედ დაგმობილი არ იქნება, ეს საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით სერიოზულად შეაფერხებს…

მტკიცედ მოგიწოდებთ მიიღოთ "ალტ-ინფოს" ჯგუფზე და ჯგუფის უკან მდგომ ოლიგარქზე, კონსტანტინ მორგოშიაზე მიმართული სანქციები". - ვკითხულობთ წერილში.

წერილის ავტორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დაიცვან LGBT+ ადამიანების უსაფრთხოება, რაც, მათი თქმით, ქვეყნის ევროპული ასპირაციებისთვის უმნიშვნელოვანესია.


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 8 ივლისს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ორკ-ქოცები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები