დიდი ბრიტანეთ

სუნაკი LGBT ვეტერანებს არმიაში ჰომოფობიის გამო მიყენებული ზიანისთვის ბოდიშს უხდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი LGBT თემის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ქვეყნის სამხედრო სამსახურში მსახურობის დროს ჰომოფობიის გამო ზიანი მიადგათ, ბოდიშს უხდის, რადგან უკანასკნელმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ათწლეულების განმავლობაში აკრძალვამ "გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ბრწყინვალე ისტორიაზე ლაქა დატოვა".

1967 წლიდან დიდ ბრიტანეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზება მოხდა, თუმცა 2000 წლამდე ღიად გეი და ლესბოსელ მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება არ ჰქონდათ. 

თემთა პალატაში გამოსვლისას სუნაკმა 1967-2000 წლების აკრძალვის გავლენის შესახებ სახელმწიფო შეკვეთით გაკეთებული მიმოხილვა განიხილა და ბრიტანეთის პოლიტიკა გააკრიტიკა.

"როგორც დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს, ბევრმა გადაიტანა ყველაზე საშინელი სექსუალური ძალადობა, ჰომოფობიური ბულინგი და შევიწროება იმ დროს, როდესაც მამაცურად ემსახურებოდა ამ ქვეყანას." - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა და გაერთიანებული სამეფოს სახელით LGBT თემს ბოდიში მოუხადა.

მოხსენებაში, რომელსაც ყოფილი მოსამართლე და ლორდთა პალატის წევრი, ტერენს ეთერტონი ხელმძღვანელობდა, დეტალურადაა აღწერილი ამ აკრძალვის სერიოზული გავლენა სამხედრო როლის შემსრულებლებზე.

როგორც სუანკმა თემთა პალატის წინაშე ისაუბრა, მასში აღწერილია შოკისმომგვრელი მტკიცებულებები ჰომოფობიის კულტურისა და ბულინგის, შანტაჟისა და სექსუალური თავდასხმის, სექსუალური ორიენტაციისა და სექსუალური სურვილების შეურაცხმყოფელი გამოძიების, სამარცხვინო სამედიცინო გამოკვლევების, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შემზარავი შედეგების შესახებ.

მოხსენების მომზადებისას ჩვენება მისცეს ყოფილმა თანამშრომლებმაც. ზოგიერთი მათგანი არმიაში მსახურობის შემდეგ უსახლკარო დარჩა, ზოგს კი განვლილი გამოცდილების გამო პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობა განუვითარდა. სამხედროებს შორის იყო თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევებიც.

"გადარჩენილები სულ მცირე 23 წელი ელოდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას, ანაზღაურებასა და იმის აღიარებას, რაც მათ განიცადეს." - თქვა სუნაკმა. 

კომენტარები