დიდი ბრიტანეთ

ბორის ჯონსონი თემთა პალატის წევრობიდან გადადგა

ბორის ჯონსონი

BBC-ის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობის რეზიდენციაში გამართულ წვეულებაზე კომიტეტის საგამოძიებო ანგარიშის მიღების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი პარლამენტის წევრობიდან გადადგა

ანგარიში მომზადებული იყო პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული კომიტეტის მიერ, რომელიც იძიებდა, იყო თუ არა ინციდენტის შემდგომ ჯონსონის კომენტარები პარლამენტის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. კომიტეტმა ყოფილ პრემიერს 10-დღეზე მეტი ვადით სანქცია დაუწესა. 

ბორის ჯონსონი თემთა პალატას ადანაშაულებს, რომ აღნიშნული გამოძიება მის პარლამენტიდან განდევნას ემსახურება. 

"მათ ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ერთი მტკიცებულებაც კი იმისა, რომ მე გაცნობიერებულად შეცდომაში შემყავდა თემთა პალატა... მე არ ვიცრუე და მჯერა, რომ გულის სიღრმეში კომიტეტმაც იცის ეს". - აღნიშნა მიმართვაში ბორის ჯონსონმა. 

"ძალიან სამწუხაროა პარლამენტის დატოვება, ყოველ შემთხვევაში, ახლა, მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვარ გაოგნებული და შეძრწუნებული, რომ კომიტეტს, რომელსაც უკიდურესად მიკერძოებული ჰარიეტ ჰერმანი ხელმძღვანელობს, ანტი დემოკრატიულად შეუძლია გამაძევოს". - აღნიშნა Times-თან ინტერვიუში ჯონსონმა.

გამოძიება Partygate-ის სკანდალს ეხებოდა, რომელიც იმჟამინდელი პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. 

2022 წლის 10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა მთავრობს რეზიდენციის 100-ზე მეტი თანამშრომელი რეზიდენციის ბაღში 20 მაისისთვის "სოციალური დისტანციის დაცვით" წვეულებაზე მიიწვია. მოსაწვევ წერილში ნათქვამი იყო, რომ სტუმრებს საკუთარი ალკოჰოლური სასმელი უნდა მიეტანათ. 

წვეულება მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები