რამზან კადიროვი

Danone-ს რუსული აქტივების მმართველი კადიროვის დისშვილი იაკობ ზაკრიევი გახდა

რამზან კადიროვი და იაკობ ზაკრიევი 
Afonina Yelena/Tass/ABACA/Shutterstock

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დისშვილი იაკობ ზაკრიევი  Danone-ს გენერალური დირექტორი გახდა. ზაკრიევი 2016 წლიდან ჩეჩნეთის პრემიერმინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. 

2023 წლის ივლისის დასაწყისში, პუტინის საპრეზიდენტო დეკრეტით Danone-ს და Carlsberg-ის აქტივები რუსეთს გადაეცა.

2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მრავალი უცხოური კომპანია რუსეთიდან გავიდა და რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მათი აქტივები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა. 

Danone-ს გენერალური დირექტორის პოსტზე იაკობ ზაკრიევის დანიშვნა ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობების მინისტრმა ახმედ დუდაევმა დაადასტურა. 

“მისი არჩევა Danone-ს გენერალურ დირექტორად აჩვენებს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის და რუსეთის გმირის, რამზან ახმატის ძე კადიროვის გუნდის წარმომადგენლები ნიჭიერი და წარმატებული მენეჯერები არიან” - თქვა დუდაევმა. 

სოციალურ მედიაში რამზან კადიროვს იაკობ ზაკრიევი მოხსენიებული ჰყავს, როგორც მისი “საყვარელი დისშვილი”. 

ზაკრიევის დანიშვნა Danone-ს გენერალურ დირექტორად აჩვენებს რამზან კადიროვის დიდ გავლენებს და აქტივების გადაცემის დიდ მასშტაბებს რუსეთში.

2022 წლის ოქტომბერში Danone-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტოვებდნენ აქტივებს რუსეთში, რაც დაახლოებით 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ჩამოწერას გამოიწვევდა. 

Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთში დაარსებული რძის პროდუქტების კომპანია Danone განიხილავს ლეგალურ გზებს რუსეთის მიერ აქტივების მითვისების საპასუხოდ.

Financial Times-ის ცნობით, პუტინთან დაახლოებული იური და მიხაილ კოვალჩუკებს აქვთ ინტერესი ლუდის კომპანია Carlsberg-ის შვილობილ Baltika-ს აქტივებთან დაკავშირებით. 

გერმანული კომპანიის, Carlsberg-ის წარმომადგენლების თქმით, Baltika-ს მენეჯმენტში ცვლილების Carlsberg-ის თანხმობის გარეშე მიიღეს.

 

კომენტარები