ჯო ბაიდენი

ბაიდენი: პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო

ჯო ბაიდენი ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ერთად ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე. 2023 წლის 13 ივლისი
Antti Aimo-Koivisto/Lehtikuva/AFP

NATO-ს უახლესი წევრის, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ვიზიტისას ქვეყნის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პუტინმა უკრაინაში "ომი უკვე წააგო".

"პუტინმა ომი უკვე წააგო. არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მან უკრაინაში ომი მოიგოს". - თქვა ბაიდენმა.

მანვე დასძინა, რომ უკრაინა "NATO-ს შეუერთდება" და პუტინი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ომის გაგრძელება რუსეთის ინტერესებში არ შედის. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "არავის შეუძლია NATO-ში გაწევრიანება სანამ ომი მიმდინარეობს".

პრესკონფერენციის დროს ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ალიანსისადმი და თქვა, რომ ამერიკა დაიცავს NATO-ს თითოეულ ინჩს, მათ შორის ფინეთს.

"აშშ ფინეთის ერთგულია, აშშ NATO-ს ერთგულია და ეს ერთგულება ქვასავით მყარია". - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა კომენტარი გააკეთა the Wall Street Journal-ის რეპორტიორზეც, რომელიც უკვე ას დღეზე მეტია რუსეთის ციხეში ზის, და თქვა, რომ ჟურნალისტის დასახსნელად პატიმართა გაცვლას სერიოზულად განიხილავს.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 11-12 ივლისს ვილნიუსში გამართული NATO-ს სამიტის შემდეგ ფინეთს ეწვია და რუსეთის მოსაზღვრე სკანდინავიურ ქვეყანას ალიანსში გაწევრიანება მიულოცა. ბაიდენი ჰელსინკიში ფინეთის, შვედეთის, დანიის, ნორვეგიისა და ისლანდიის ლიდერებთან ერთად გამართულ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

კომენტარები