რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს ქვეყნებს უკრაინაში საბრძოლო მასალის დინების შენარჩუნება უჭირთ – უოლასი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა თქვა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის საბრძოლო იარაღით მომარაგება უჭირთ იმის ფონზე, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა ქვეყანაში უკვე 500 დღეა მიმდინარეობს.

"უზარმაზარი ოდენობით საბრძოლო მასალა გამოიყენება." - თქვა უოლასმა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდების შესახებაც ისაუბრა. უოლასის თქმით, მას ესმის, რომ აშშ ამას იარაღის დეფიციტის გამო აკეთებს. 

"ერთი მხრივ, მე მესმის ის სამხედრო საჭიროებები, რაც უკრაინელებს აქვთ, და შეერთებული შტატები არ არის ამ ხელშეკრულების ხელმომწერი, ამიტომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სწორად მიაჩნიათ. ისინი მხოლოდ გამოწვევის გადაჭრის გზებს პოულობენ. ჩვენ მოწერილი გვაქვს ხელი ხელშეკრულებისთვის [კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებაზე], ჩვენ არ შეგვიძლია ვებრძოლოთ მის გამოყენებას. ჩვენ ვერ შევთავაზებთ მათ. ჩვენ არ შეგვიძლია მათი პოპულარიზაცია. ჩვენ მათ ვერ დავუჭერთ მხარს." - თქვა უოლასმა უკრაინისთვის კასეტური ჭურვების მიწოდებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას CNN-ს უთხრა, რომ აშშ-ს ეწურება იმ საბრძოლო მასალის მარაგი, რომლის გაგზავნაც მას უკრაინაში შეუძლია.

ამასთან,  ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას თქვა, რომ კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება დროებითია და ეს მხოლოდ მანამდე იქნება, სანამ აშშ უნიტარული საბრძოლო მასალის წარმოების გაძლიერებას შეძლებს.


შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს გადასცემს. ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს. კასეტური ჭურვებს კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა.

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც 7 ივლისს აშშ-მა უკრაინისთვის $800 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტში სხვა იარაღთან ერთად, შედის კასეტური ჭურვებიც.

კომენტარები