შვედეთი-უკრაინა

უკრაინამ და შვედეთმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

Twitter / ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინამ და შვედეთმა ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ  შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს

"ნდობა ძლიერი პარტნიორობის ქვაკუთხედია, ხოლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - წარმატების გასაღები". - წერს რეზნიკოვი.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ინფორმაციას თავდაცვის შესყიდვებში შვედეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებაც ავრცელებს. 

"კიდევ ერთი კარგი სიახლე ვილნიუსიდან! უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის შესყიდვებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს დოკუმენტი დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე შვედურ კომპანიებს, როგორიცაა SAAB [შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანია] და სხვა. მადლობა ჩემს მეგობარს და კოლეგას, პოლ იონსონს". - წერს რეზნიკოვი. 

შვედეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად მალე გახდება. 10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა. აქამდე თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებდა იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები