შსს

სახალხო დამცველმა შსს-ს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო.

"მომართა სახალხო დამცველის ოფისს, პირადადაც მომმართა და ჩვენ უკვე კვირაზე მეტია დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა. შესაბამისი დეპარტამენტი მოიკვლევს ამ საკითხს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ამის შემდეგ სახალხო დამცველს რა პოზიცია ექნება მის განცხადებასთან დაკავშირებით.

ერთ კვირაში ვერაფერი ვერ გამოვლინდება იმიტომ, რომ საქმის შესწავლას აქვს თავისი პროცედურა, ამას დრო დასჭირდება. თვითონ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აპირებს ჩვენთან მოსვლასაც და გასაუბრებასა შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან". – თქვა იოსელიანმა.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი, გოგა რაზმაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვს. რაზმაძე წერს, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს".

შსს-ს თანამშრომლის თქმით, მას შემდეგ, რაც დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა,  შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება, დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის რეალური ბერკეტები, შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთან და თანამშრომლები დაექვემდებარნენ ცენზურას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრულ ტყუილსა და აბსურდს უწოდებს.

კომენტარები