დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფანი კონტრაბანდის გადატანის ბრალდების გამო ჩაკეტა

ლაჩინის დერეფანი

აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ "კონტრაბანდის გადატანის არაერთი მცდელობის" გამო, ლაჩინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დროებით კეტავენ.

ლაჩინის დერეფანი სომხეთისა და სეპარატისტული ყარაბაღის ერთადერთი მაკავშირებელი გზაა. აზერბაიჯანის მტკიცებით, ხდება არასანქცირებული ტვირთების, მათ შორის ტელეფონებისა და საწვავის გადატანა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში უარყოფენ, რომ დერეფნის გავლით კონტრაბანდა გადადის. ბრალდებას უარყოფს სომხეთიც და აზერბაიჯანს 2020 წლის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

ამას გარდა, 11 ივლისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ პოზიციებს სომხეთის საზღვართან ცეცხლი გაუხსნეს. ამას გარდა, უწყებაში ირწმუნებიან, რომ რამდენიმე სასაზღვრო რეგიონში სომხეთის შეიარაღებული ძალები ფორტიფიკაციებს ამაგრებდნენ. მათივე ცნობით, დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო. პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც ფორტიფიკაციების შენებას მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხური უკანონო ფორმირებებიც ცდილობდნენ.

საპირისპირო განცხადებას ავრცელებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. ისინი ცეცხლის გახსნას ასევე მოწინააღმდეგეს აბრალებენ.


ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებების რაუნდებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები