კულტურის მინისტრი

საია: წულუკიანი რეორგანიზაციას არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად ახორციელებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღია ფონდის საზოგადოების მხარდაჭერით ახალ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესებს აჯამებს. 

ანგარიშის ერთ-ერთ ქვეთავში "რეორგანიზაცია, როგორც თანამშრომელთა გათავისუფლების მოჩვენებითი საფუძველი" აღნიშნულია, რომ რეორგანიზაცია ხორციელდებოდა არა საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ არასასურველი კადრების გათავისუფლების შესანიღბად.

"თავად რეორგანიზაციის ფაქტი საკმარისი არ არის გათავისუფლების კანონიერად მიჩნევისთვის. ე.წ.რეორგანიზაციით შეიძლება დაიფაროს დისკრიმინაციული მოტივი და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონიერ საფუძვლად. ამდენად, აუცილებელია, მას მოჰყვებოდეს შტატების შემცირება, თუმცა ეს არ გულისხმობს მხოლოდ ამ შტატების სახელებისა ან დაქვემდებარების ცვლილებას,6არამედ, მნიშვნელოვანია, არსებობდეს სამუშაო ძალის შემცირების რეალური საჭიროება. ამასთანავე, კანდიდატები, რომლებზეც რეორგანიზაციის პროცესი გავრცელდება, კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, გამჭვირვალე პროცედურით უნდა შეირჩნენ და მათი გათავისუფლება უნდა დასაბუთდეს".-აღნიშნულია განცხადებაში. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მასშტაბური ცვლილებები და რეორგანიზაცია დაიწყო და შედეგად, მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან, როგორც უშუალოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ისე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან. "პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ ასევე აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი კულტურის სფეროს კონტროლი და ცენზურაა".- ვკითხულობთ ანგარიშში. 

ერთობლივ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრი იყენებს მანიპულაციურ ბერკეტებს გათავისუფლებული თუ ჩამოქვეითებული თანამშრომლების დასაშინებლად, რათა მათ სასამართლო დავებისგან თავი შეიკავონ. 

"კერძოდ, ორგანიზებულ წინააღმდეგობაში ჩართვის შემდეგ დასაქმებულების ნაწილი ჯერ სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს (დააქვეითეს), ხოლო, როდესაც მათ ეს ცვლილება გაასაჩივრეს, ახალი პოზიციიდანაც გაათავისუფლეს - უმეტესად, რეორგანიზაციის საფუძვლით. დამატებით, 2022 წლის 22 იანვარს მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გამოთქვა უსაფუძვლო ბრალდებები დათხოვნილ პირთა მიმართ. გათავისუფლებული თანამშრომლების საპასუხო განცხადებებში კი განმარტებულია, რომ მინისტრის მიერ დასახელებული ფაქტები არ უკავშირდებოდა კონკრეტული თანამშრომლის სამსახურებრივ ფუნქციებს, ან არ იკვეთებოდა რაიმე სახის გადაცდომა და ბრალეულობა".- აღნიშნულია ნაშრომში. 

ქართული გლაიხშალტუნგი და წულუკიანის მასობრივი წმენდა

კომენტარები