თეა წულუკიანი

ქართული გლაიხშალტუნგი და წულუკიანის მასობრივი წმენდა

თეა წულუკიანი

ქართული გლაიხშალტუნგი და წულუკიანის მასობრივი წმენდა

"მთავარია, რომ საკუთარ თავთან არ გრცხვენოდეს იმისა, რასაც ამბობ და აკეთებ" - თეა წულუკიანი სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, POSTV-ის გადაცემაში

არახალია, რომ სისტემას სულდგმულობისთვის ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში ფესვების ღრმად გადგმა სჭირდება. იმისთვის, რომ იდეოლოგიურ მანქანას საზოგადოება სრულ კონტროლზე ჰყავდეს, საჭიროა, რომ მისი ფიქრი და ქმნადობა გააკონტროლოს. ამისთვის საუკეთესო საშუალება კი გამოხატვისა და პროტესტის ყველაზე მრავალფეროვანი სფეროსთვის მარყუჟების მოჭერაა. ბიძინა ივანიშვილისა და მისი მარიონეტების მიერ შექმნილი სისტემაც ცდილობს, გაითვალისწინოს წარსული გამოცდილება და ერთპიროვნული ძალაუფლება ადამიანების ცხოვრების სრულად დაქვემდებარებით შეინარჩუნოს.

ყველაზე ეფექტურად ივანიშვილის რეჟიმის შესანარჩუნებლად გაცემულ დავალებებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ასრულებს. წულუკიანის შემდეგი სამიზნე საქართველოს კინოცენტრი გახდა. ვნებათაღელვა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2022 წლის მარტში საქართველოს კინოცენტრის ხელმძღვანელობიდან გაგა ჩხეიძე გაათავისუფლეს. 31 მაისს გოეთეს ინსტიტუტმა გაგა ჩხეიძეს მედალი გადასცა და მის შესახებ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩხეიძის კინოცენტრის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების მიზეზად უკრაინის მხარდაჭერა დაასახელა.

"რუსეთის კრიტიკისა და უკრაინისადმი მხარდაჭერის გამო გაგა ჩხაიძე 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან". – წერია გოეთეს ინსტიტუტის საიტზე.

გოეთეს ინსტიტუტის განცხადებას მოჰყვა თავად კინოცენტრის თანამშრომლების განცხადებაც, რომლებმაც 2023 წლის 5 ივნისს კინოცენტრის საიტზე ღია წერილით  წუხილი გამოთქვეს ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და კინოცენტრისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნება მოითხოვეს.

“ბოლო წლებში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის იმიჯი შელახულია და საზოგადოების ნაწილის ნდობა კინოცენტრისადმი საკმაოდ შერყეულია. ვინაიდან ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანთან დამოკიდებულება, გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ კინოცენტრი გახდეს საზოგადოებისათვის დახურული ორგანიზაცია, რომელიც კარგავს შეხების წერტილს დარგის წარმომადგენლებთან და წყვეტს გულწრფელ კომუნიკაციას საზოგადოებასთან". – ეწერა წერილში, რომელიც დაწერიდან მალევე, სავარაუდოდ წულუკიანის ბრძანებით, წააშლევინეს.

ამგვარ “შეცდომას” მოჰყვა სადამსჯელო მანქანის კიდევ უფრო მკაცრად ამოქმედება - წულუკიანმა კინოცენტრიდან დირექტორის მოადგილე, ნინო კუხალაშვილი გაათავისუფლა.

"წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა." - წერს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე.

მასობრივი წმენდა

მართალია, წულუკიანი, როცა საქმეს სჭირდება, ამბობს, რომ შემოქმედებით საქმიანობაში არ ერევა.

"მე არ ვერევი – თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით" - თქვა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის გასტროლზე რუსეთში, თუმცა, ასევე, როცა საქმეს სჭირდება,  მზადაა დაითხოვოს სამინისტროს დაქვემდებარებული ნებისმიერი თანამშრომელი, თუ მისი შემოქმედებით საქმიანობა სისტემის პოლიტიკასთან თანხვედრაში არ მოდის.

კინოცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ერთადერთი ორგანიზაცია არაა, რომელსაც ბოლო წლებია თეა წულუკიანის მარყუჟებისთვის უწევს გაძლება. მას შემდეგ, რაც 2021 წლის 19 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, მან, ზუსტად ისე, როგორც ფიურერს ეამებოდა, სამინისტროს მასობრივი წმენდა და “რეორგანიზაცია” დაიწყო. 

2022 წლის 15 იანვარს რეორგანიზაციის სახელით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან  36 თანამშრომელი გაათავისუფლეს. სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის საქმიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

"ცოტა გასაკვირია მე როგორ დამიწუნა კომპეტენცია ახალმა დირექცია, რომელსაც ჩემს საქმეში კომპეტენცია საერთოდ ნული აქვს. უშუალოდ ჩემს სპეციალობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, ეს, სავარაუდოდ, პოლიტიკის საკითხია. ხშირად ვმონაწილეობ მიტინგებში. დავდივარ იმიტომ, რომ, მაგალითად, ვაპროტესტებ ოკუპაციას და სავარაუდოდ, ეს მიმართულება უნდა იყოს". – თქვა გაგოშიძემ ფორმულასთან საუბრისას.

რეორგანიზაციის პროცესი ეროვნულ მუზეუმში გაგრძელდა. თეა წულუკიანის მიერ 2022 წლის 1-ელ თებერვალს გამოცემული ბრძანებით, კვლევით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება. ბრძანების თანახმად, დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროსაც უნდა ეცნობოს. 

2022 წლის 24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან 21 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის მიზეზად მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაცია და გათავისუფლებულთა არასაკმარისი კომპეტენციაა დასახელებული. 

კულტურის დარგში მომუშავეებმა, და არა მარტო, კარგად იციან, რომ მათი სამსახურიდან გაშვების დასახელებულ აბსურდულ მიზეზებს არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან და პროცესს სისტემატურად აპროტესტებენ.

"კულьტУРА საიმედო ხელშია! დიდება პარტიას კულტურის მტრების გამოვლენისთვის" – ამ და სხვა ლოზუნგებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია 2022 წლის იანვარში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურის სფეროში შემავალი სხვა სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ისინი მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებებს "ბოლშევიკურ წმენდას" უწოდებდნენ.

როგორც ჩანს, სიმბოლური პროტესტი ფესვგადგმული სისტემის წინააღმდეგ უშედეგოა - ქართული ოცნების მანქანა კულტურის სამინისტროს საპყრობილედ ქცევას ჯერჯერობით ეფექტურად ახერხებს. 

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სამსახურიდან უღირსად გამოგდებულმა თანამშრომლების ნაწილმა სასამართლოს მიმართა და წულუკიანს დავაც მოუგო. კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა.

თეა წულუკიანს მიერ უსამართლოდ და უცერემონიოდ თანამშრომლების გაგდება და შემდეგ მათთვის სასამართლოში კომპენსაციის ანაზღაურება საქართველოს მოქალაქეებს ძვირი უჯდებათ. ჯერ კიდევ წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან წულუკიანის მიერ უკანონოდ გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა ₾332 172 უკვე იზარალა. დღეს ეს პროცესი კულტურის სამინისტროში კიდევ უფრო ხისტად და რაც სახელმწიფოსთვის მეტად მტკივნულია - ძვირადღირებულად გრძელდება.

ქართული გლაიხშალტუნგი

ავტოკრატიულ რეჟიმს კარგად ესმის, რომ თეატრი, კინო, ხელოვნებით საკუთარი თავის და სახელმწიფოს გამოხატვის ნებისმიერი საშუალება არის იარაღი - იარაღი, რომ სათქმელი თქვა იმაზე ძლიერად, ვიდრე ეს სიტყვებით შეგიძლია. ამასთან, ხელოვნება არის საშუალება, რომ რეალობა ისეთი ემოციურობით და გარკვეულობით მიიტანო მაყურებლამდე, რომ მასში ცვლილების სურვილი აღძრა. ეს, ალბათ, ყურმოკრულით მაინც გაუგია ბატონ ივანიშვილს - ფიურერს, რომლის მარიონეტებიც, ყველაზე ეფექტურად კი - წულუკიანი, დაუღალავად ცდილობენ საქართველოში გაიხშტალტუნგის განხორციელებას.

მას შემდეგ, რაც ჰიტლერი კანცლერი გახდა, ის და ნაცისტური პარტია ყველა პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ინსტიტუტების ნაცისტურ სახელმწიფოსთან "კოორდინირებას" შეუდგნენ. გლაიხშალტუნგი [სინქრონიზაცია] იყო ნაფიციკაციის პროცესი, რომლითაც ადოლფ ჰიტლერმა და ნაცისტურმა პარტიამ გერმანიაში ტოტალიტარული კონტროლისა და კოორდინაციის სისტემა დაამყარეს. 1933 წლის 7 აპრილს ნაცისტებმა ყველა საჯარო სამსახურიდან საკუთარი ნება-სურვილითა და კრიტერიუმებით თანამშრომლების დათხოვნა დააკანონეს. წულუკიანი, "სინქრონიზაციის" გენმოდიფიცირებული ვერსიით, არსებულ კანონებს ამოფარებული, უწყებებში ღრმად დამკვიდრებულ თანამშრომლებს გამოგონილი მიზეზებით ათავისუფლებს და ამ "შეცდომებს" "სასამართლოში" ფულადი დანაკარგით იმკის. წულუკიანს წმენდა უფრო უმტკივნეულოა - მას ეს მხოლოდ მოქალაქეების ფულად უჯდება.

70-წლიანი საბჭოთა ცენზურის ვნების კვალი საქართველოს ჯერ კიდევ ატყვია. საქართველოს გასაბჭოებიდან მალევე, 1922 წელს შეიქმნა ლიტერატურისა და გამომცემლობების საკითხების მთავარი სამმართველო - მთავლიტი. მთავლიტის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირში არ შემოდიოდა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მარქსიზმისა და კომუნისტური იდეოლოგიისთვის “მტრულად” ითვლებოდა. ათწლეულების განმავლობაში მთავლიტი საბჭოთა კავშირში ლიტერატურის მაკონტროლებელი ძირითადი მანქანა იყო. ლიტერატურის მსგავსად, იმავ ნიშნით იკრძალებოდა კინოც. მართალია, იდეოლოგიური მანქანა საბჭოთა კავშირში და ნაცისტურ გერმანიაში ბევრად მძლავრი და ღრმად ფესვგადგმული იყო, მაგრამ დამოუკიდებლობამოპოვებული, თავისუფლებამოწყურებული სახელმწიფოსთვის ქართული ოცნების მანქანა ლიბერალურ სამყაროში შესვლისთვის უკან გადადგმული მტკივნეული ნაბიჯია. 

კულტურაზე ხელისუფლების კონტროლი აუცილებლად იწვევს კულტურის სფეროების პოლიტიზებას. კონტროლი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბოს საერთო საზოგადოებრივი ღირებულებები და ნარატივები საკუთარი იდეოლოგიური დღის წესრიგის შესაბამისად. ამგვარად, ავტოკრატიული სახელმწიფოსთვის კულტურის პოლიტიზება ერთგვარი პრერეკვიზიტია, რომელიც აუცილებელია დომინირებისა და არსებული ძალაუფლების სტრუქტურების გასაძლიერებლად. 

პოლიტიზების პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო და მმართველი ძალა ერთმანეთშია გადაჯაჭვული, ან სულაც ერთია. ასეთ დროს არ არსებობს ერთპიროვნულობის დაბალანსების არანაირი მექანიზმი და მმართველობის ყველა არსებული სფერო ერთის ხელშია.

დეპოლიტიზაციის მიღწევა სახელმწიფოს როლის ფუნდამენტურ ცვლილებას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მთავრობის ზომისა და ფარგლების შემცირება. სახელმწიფოს უფლებამოსილების შეზღუდვით და ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე ფოკუსირებით, კულტურაზე სახელმწიფო კონტროლის პოტენციალი მცირდება. ამის მიღწევა მთავრობის შეზღუდული ჩარევის უზრუნველყოფითა და თავისუფალი ბაზრის პრინციპების ხელშეწყობით არის შესაძლებელი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი, მეგი ქარცავაძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ რაც დღეს კულტურის სამინისტროს ხდება, სისტემური პრობლემაა და, შესაბამისად, სისტემის ცვლილებით უნდა გადაიჭრას. 

"ამ ყველაფრის თავი და თავი არის სისტემური პრობლემა. ის სისტემა, რომლითაც იმართება დღესდღეობით ქართული კულტურის პოლიტიკა და რომელიც არ შეცვლილა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც იმართება ხელისუფლების მიერ და ხელისუფლებას აქვს ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ეს კულტურული დაწესებულებები საკუთარი ინტერესებისა და პროპაგანდის გასატარებლად გამოიყენოს. სახელმწიფო არის პოლიტიკის განმსაზღვრელიც და მთავარი დამფინანსებელიც, შესაბამისად, ხელისუფლებას ეთქმის მთავარი სიტყვა თუ ვინ იქნება ისეთ დაწესებულების სათავეში, როგორიც არის კინოცენტრი, რა პოლიტიკას გაატარებენ, რა ფილმს გადაიღებენ, ვინ შეაფასებს სცენარებს და ასე შემდეგ." - ამბობს მეგი ქარცივაძე.

მისი აზრით, აუცილებელია კულტურის სფეროს დეცენტრალიზაცია, რაც, პირველ რიგში, მის ფინანსურ დამოუკიდებლობას და ხელისუფლებისგან განცალკავებას გულისხმობს.

"ჩვენი მთავარი იდეა არის ის, რომ მთლიანად უნდა მოხდეს ამ პროცესების დეცენტრალიზება და მოხსნა პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსებისგან. ვმუშაობთ ვაუჩერული სისტემის იდეაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო პირდაპირ ფულს გადაუხდის არა კულტურულ დაწესებულებებს, არამედ სახელმწიფო ფულს ვაუჩერების სახით მისცემს მოქალაქეებს და მოქალაქეები თავად განსაზღვრავენ სად დახარჯავენ ამ ფულს. თუ მოქალაქე უყურებს კინოინდუსტრიაში განვითარებულ მოვლენებს და არ ენდობა კინოცენტრს, ის უბრალოდ აღარ წავა და თავის ვაუჩერს აღარ გამოიყენეს იმ კონკრეტული კულტურული დაწესებულების დასაფინანსებლად. მთავარი ძალაუფლება აქ პოლიტიკის განსაზღვრაში და იმაში, თუ საით უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, მთავარი სიტყვა ეთქმით მოქალაქეებს და ეს არის ის დამატებითი კონტროლის მექანიზმი, რომელიც მათ შორის კულტურულ დაწესებულებებს იცავს იმისგან, რომ ისინი არ მოექცნენ ხელისუფლების სრული გავლენის ქვეშ." - აღნიშნა მეგი ქარცივაძემ,

მისივე თქმით, დაფინანსების ვაუჩერული მოდელის გარდა, დაფინანსების მოზიდვა შესაძლებელია კერძო სექტორიდან ბიზნესის გავლით. ეს შეიძლება იყოს ისეთი წამახალისებელი შეღავათები, როგორიც არის დაბალი დღგ, საგადასახადო სტიმულები. ამასთან, წარმატებით მუშაობს სხვადასხვა პლატფორმების შექმნა - crowdfunding.

"რასაც ახლა აკეთებენ კულტურის სფეროში, ეს ახალი არ არის. დიდი საბჭოთა ტრადიცია გვაქვს იმისა, რაც წულუკიანმა კულტურის სფეროში დაატრიალა. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ტერმინის - რეპრესიების გამოყენება მასთან მიმართების სწორი არის იმიტომ, რომ თავს ეს მას კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აგრძნობინებს და აძლევს იმის შეგრძნებას, რომ მას იმდენის გაკეთების უფლება და საშუალება ექნება, რამდენიც საბჭოთა პერიოდში გაბედეს, მაგრამ, საბედნიეროდ, მგონია, რომ დღესდღეობით განსხვავებული რეალობაა და საზოგადოებას მეტი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ამას შეეწინააღმდეგოს, ეს ყველაფერი ისეთ სახეს ვერ შეიძენს, როგორიც საბჭოთა პერიოდში შეიძინა." - ამბობს მეგი ქარცივაძე.

კომენტარები