ინდო-წყნარი ოკეანეთი

ჩინეთი და სოლომონის კუნძულები "ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე" შეთანხმდნენ

სოლომონის კუნძულების პრემიერმინისტრი, მანასე სოგავარე და ჩინეთის პრემიერი, ლი ციანგი პეკინში ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლას ტაშით ხვდებიან. 2023 წლის 10 ივლისი
Andy Wong/Pool/AFP/Getty Images

10 ივლისს ჩინეთმა და სოლომონის კუნძულებმა ურთიერთობების "ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე" გაუმჯობესების მიზნით პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

აღნიშნული დოკუმენტი სოლომონის კუნძულების პრემიერმინისტრ მანასე სოგავარესა და ჩინეთის პრემიერ ლი ციანგს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილი მეცხრე შეთანხმებაა. სოგავარე ჩინეთში 9 ივლისს, ორი წლის წინ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების პაქტის გაფორმების შემდეგ პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა.

"მხოლოდ ოთხ წელიწადში ჩინეთსა და სოლომონის კუნძულებს შორის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან ნაყოფიერია". - თქვა ლი ციანგმა.

საპასუხოდ სოგავარემ ჩინეთს გლობალური გამოწვევების გამკლავებისთვის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დასძინა, რომ სოლომონის კუნძულებს ჩინეთისგან "ბევრი აქვს სასწავლი".

10 ივლისის საღამოს სოგავარე ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგსაც შეხვდა. ჩინური სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი "ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის" დამყარებაზე შეთანხმდა.

"ჩინეთი და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოები განვითარებადი ქვეყნებია და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფარგლებში ურთიერთდახმარება უნდა გააძლიერონ". - თქვა სიმ შეხვედრის დროს.

ჩინეთი ე.წ. სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობას, რაც საერთო სარგებლისთვის განვითარებადი ქვეყნების, როგორც თანასწორი სახელმწიფოების თანამშრომლობას გულისხმობს, დიდი ხანია მხარს უჭერს.

სოგავარემ ქვეყნის საგარეო კურსი 2019 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეცვალა. მან ტაივანთან არსებული დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და პრო-ჩინური პოლიტიკა აირჩია.

ივნისში სოგავარემ 2017 წელს ავსტრალიასთან დადებული უსაფრთხოების ხელშეკრულების გადახედვაც მოითხოვა. ქვეყანა სოლომონის კუნძულებს საპოლიციო დახმარებას ისტორიულად უწევდა, მათ შორის კუნძულებთან ჩინეთის საპოლიციო წვრთნების ზრდის შემდეგაც. ავსტრალიამ საპოლიციო ძალების გადასროლით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოლომონის კუნძულებზე 2021 წლის არეულობის ჩახშობაშიც.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს საშუალებით ორი ქვეყნის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, პეკინი გააგრძელებს სოლომონის კუნძულების დახმარებას მისი სამართალდამცავი უწყებების გასაძლიერებლად, "შესაბამის ქვეყნებს" კი მოუწოდებენ ისეთი საკითხები, როგორიცაა ბირთვული ნარჩენებით დაბინძურებული წყლის ოკეანეში ჩაშვება და ატომურ წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებული თანამშრომლობა "წინდახედულად" მოაგვარონ. 

ამით ჩინეთმა იაპონიის გეგმაზე ფუკუშიმას ატომური სადგურის სამრეწველო ჩამდინარე წყლების ოკეანეში ჩაღვრასა და AUKUS-თან - ავსტრალიის, აშშ-სა და ბრიტანეთის ალიანსთან - დაკავშირებით თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. AUKUS-ის პაქტის თანახმად, ავსტრალია აშშ-სგან, სულ მცირე, სამ ბირთვულ წყალქვეშა ნავს მიიღებს. შეთანხმება ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავს მიზნად.

ჩინეთისა და სოლომონის კუნძულების დაახლოება შეშფოთებას იწვევს როგორც ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, ასევე შეერთებულ შტატებში. პარტნიორები შიშობენ, რომ შეთანხმება კუნძულებზე ჩინეთის მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსების საფუძველი გახდება.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი "ერების უნარს, მიიღონ სუვერენული გადაწყვეტილებები მათი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, პატივს სცემს", თუმცა მხარეებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გამოაქვეყნონ ეს ტექსტები გამჭვირვალობის გაზრდისთვის და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ამ შეთანხმებების გავლენის შესახებ დისკუსიები ინფორმაციით უზრუნველყონ".

წარმომადგენელმა დასძინა, რომ აშშ რეგიონის ქვეყნებთან მყარი ურთიერთობებისა და სოლომონის კუნძულების ხალხთან არსებული ხანგრძლივი კავშირების გაგრძელების მომხრეა.

წყნარ ოკეანეში ჩინური სამხედრო ბაზის შექმნის პერსპექტივა შემაშფოთებელია აშშ-სთვის, რომელსაც რამდენიმე ბაზა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში უკვე აქვს. ბაზის შექმნა განსაკუთრებით შემაშფოთებელი იქნება ავსტრალიისთვის, რომლის ტერიტორიებიდანაც სოლომონის კუნძულები არც ისე შორი მანძილით, დაახლოებით 1600 კილომეტრითაა დაშორებული.

ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნების სტრატეგიული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ისტორიკოსების თქმით, სოლომონის კუნძულებმა პაპუა-ახალ გვინეასთან ერთად თავისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეორე მსოფლიო ომის დროს უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა შეერთებული შტატების მიერ ფილიპინების გათავისუფლებაში.

კომენტარები