საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი რაქვიაშვილზე: თუ ასე მივუდექით, ნებისმიერი კენჭისყრა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია გირჩის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საარჩევნო კოდექსის მიღებისას რეგლამენტი დაირღვა, რადგან ქართულ ოცნებას საჭირო კვორუმი არ ჰქონდა.

"საპარლამენტო ცხოვრება დაკავშირებულია პროცედურასთან და სხდომის თავმჯდომარეც შეზღუდულია დადგენილი პროცედერით. პროცედურა არის შემდეგი – თუ კენჭისყრის შედეგთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, ამ შემთხვევაში, ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს მოტივირებული განცხადებით მიმართონ, რომ მოხდეს საკითხის გადამოწმება. რიგგარეშე სხდომაზე, როცა კენჭისყრა ჩატარდა, სიტყვა მოითხოვა სანდრო რაქვიაშვილმა, რომელიც პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი არ არის. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია იაგო ხვიჩია და თუ საკითხს ფორმალურად შევხედავთ, პოლიტიკური ჯგუფის სახელით იაგო ხვიჩიას უნდა მოემართა. მათ შორის, ამ მომართვის შინაარსობრივი დასაბუთება უნდა ყოფილიყო.

[...] ვინ იყო და ვინ არ იყო პლენარულ სხდომაზე, ამას უპირველესად კენჭისყრის შედეგები ადგენს და ეს არის ჩვენი მონაცემები, რაც არის. თუ ასე მივუდექით, შეიძლება, ისტორიულად ჩატარებული ნებისმიერი კენჭისყრა ვინმემ კითხვის ქვეშ დააყენოს და დავიწყოთ ამის ძიება". – თქვა შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ცნობით.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, 3 ივლისს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების ვეტოდაძლეული კანონპროექტის თავიდან კენჭისყრის დროს რეგლამენტი დაირღვა. კერძოდ, რაქვიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო კვორუმი 76 იყო, ჩანაწერში ჩანს, რომ მას 78 მომხრე ჰყავდა, თუმცა პარლამენტის დარბაზში მმართველი პარტიის საკმარისი წარმომადგენელი არ მჯდარა.

კენჭისყრის ანგარიშის თანახმად კანონპროექტის მომხრე ევროპელი სოციალისტების 2, ხალხის ძალის 9 და ქართული ოცნების 67 დეპუტატი იყო, თუმცა, რაქვიაშილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში ამდენი წარმომადგენელი არ ჰყოლია და დარბაზში სულ მმართველი პარტიის მომხრე 72 დეპუტატი იჯდა.


პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო 3 ივლისს დაძლია. ცვლილებებს კენჭი იმავე დღეს თავიდან უყარეს და პარლამენტმა ის დაამტკიცა.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. ამასთან, უქმდება თავმჯდომარის არჩევისთვის საჭირო 100 მხარდამჭერის წესი და მის არჩევას 76 დეპუტატი შეძლებს.

კომენტარები