საქართველოს პარლამენტი

რაქვიაშვილი: საარჩევნო კოდექსის მიღებისას რეგლამენტი დაირღვა, ოცნებას კვორუმი არ ჰქონდა

საქართველოს პარლამენტი

პარტია გირჩის დეპუტატის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, 3 ივლისს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების ვეტოდაძლეული კანონპროექტის თავიდან კენჭისყრის დროს რეგლამენტი დაირღვა. კერძოდ, რაქვიაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო კვორუმი 76 იყო, ჩანაწერში ჩანს, რომ მას 78 მომხრე ჰყავდა, თუმცა პარლამენტის დარბაზში მმართველი პარტიის საკმარისი წარმომადგენელი არ მჯდარა.

"რეგლამენტის თანახმად იქვე უნდა მომხდარიყო გადათვლა. არ იყო არანაირი ოფცია, რომ რაღაც სხვა გაეკეთებინა პარლამენტის თავმჯდომარეს. მან უარი თქვა და გააგრძელა სხდომა, სამწუხარო იყო, რომ მთელმა ოპოზიციამ დააიგნორა. ის კი არა, რომ სხვა ოთახში გავიდნენ, პარლამენტში არ იყო ეს ხალხი. ქართული ოცნება ვერც კი შეძლებდა ეს ხალხი მოებილიზებინა, ეჩვენებინა, რომ იქ 76 ხმა არის. ფაქტობრივად, პროცესი არალეგიტიმურად მოხდა და ამ მომენტისთვის სრულიად არალეგიტიმური საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს". – ამბობს რაქვიაშვილი.

კენჭისყრის ანგარიშის თანახმად კანონპროექტის მომხრე ევროპელი სოციალისტების 2, ხალხის ძალის 9 და ქართული ოცნების 67 დეპუტატი იყო, თუმცა, რაქვიაშილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში ამდენი წარმომადგენელი არ ჰყოლია და დარბაზში სულ მმართველი პარტიის მომხრე 72 დეპუტატი იჯდა.


პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო 3 ივლისს დაძლია. ცვლილებებს კენჭი იმავე დღეს თავიდან უყარეს და პარლამენტმა ის დაამტკიცა.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. ამასთან, უქმდება თავმჯდომარის არჩევისთვის საჭირო 100 მხარდამჭერის წესი და მის არჩევას 76 დეპუტატი შეძლებს.

კომენტარები