NATO-უკრაინა

"უკრაინა ჯერ არ არის მზად NATO-ს წევრობისთვის" – ბაიდენის ინტერვიუ CNN-თან

ჯო ბაიდენი
POLITICO

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად NATO-ს წევრობისთვის და რუსეთის ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს იქამდე, სანამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განიხილავენ უკრაინის გაწევრიანებას.

"მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს ერთსულოვნება უკრაინის NATO-ს ოჯახში გაწევრიანების საკითხზე ახლა, ომის მიმდინარეობისას. [...] თუ ომი გაგრძელდება, ჩვენ, ყველა, აღმოვჩნდებით ომში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ომში რუსეთთან". - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსიის მიღმა, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება აშშ-სა და NATO-ს წევრი სხვა სახელწმიფოების მხრიდან, რათა უკრაინამ შეძლოს ომის დასრულება. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია კენჭისყრა უკრაინის გაწევრიანების საკითხზე, რადგან არსებობს სხვა საყურადღებო მოცემულობებიც, მაგალითად დემოკრატიზაციის პროცესი. ინტერვიუში ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა დაისახოს რაციონალური გზა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის. 

CNN-ის ინტერვიუ შედგა ბაიდენის ვიზიტისას ევროპაში, რომელიც მოიცავდა NATO-ს ვილნიუსის სამიტს. ვილნიუსის სამიტის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის კასეტურ შეიარაღებას. ბაიდენმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კასეტური შეიარაღების მიწოდების საკითხზე რთული იყო, თუმცა ის დაარწმუნეს ამ ტიპის შეიარაღების საჭიროებაში უკრაინისთვის. 

ივნისში WSJ-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვილნიუსის სამიტში მონაწილეობას უკრაინისთვის აზრი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ კონკრეტულ სიგნალს, თუ როდის გახდება უკრაინა NATO-ს წევრი. ზელენსკის თქმით, მათთვის ცხადია, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გაწევრიანდება NATO-ში, თუმცა ისინი ელიან მკაფიო სიგნალს, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი, მას შემდეგ, რაც ეს უსაფრთხო იქნება. 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 7 ივლისს თქვა, რომ ვილნიუსის სამიტზე წევრი ქვეყნები შეთანხმდებიან პაკეტზე, რაც გაზრდის უკრაინისა და NATO-ს შორის თავსებადობას. 

კომენტარები