რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას ეწინააღმდეგებიან

ამერიკელი სამხედრო 155-მმ-იანი კასეტური ჭურვით, რომელიც ცნობილია, როგორც ორმაგი გამოყენების გაუმჯობესებული კონვენციური ჭურვი (DPICM). კემპ ჰოვი, სამხრეთ კორეა, 2016 წლის 20 სექტემბერი.
U.S. Army photo/2nd Lt. Gabriel Jenko

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც 7 ივლისს აშშ-მა უკრაინისთვის $800 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტში სხვა იარაღთან ერთად, შედის კასეტური ჭურვებიც.

კასეტური საბრძოლო მასალები, როგორც წესი, უშვებს დიდი რაოდენობით მცირე ელემენტებს, რამაც, შესაძლოა, დაჭრას და მოკლას მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს ჭურვები ასევე ხასიათდება არ-აფეთქებადობის მაღალი პროცენტით, რითაც ის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საშიში რჩება.

ვაშინგტონი არ არის კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ 2010 წელს მიღებული კონვენციის მომხრე, რომელსაც მხარი 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და ესპანეთმაც. კონვენცია კრძალავს კასეტური ჭურვების გამოყენებას. კონვენციას ასევე არ შეუერთდნენ რუსეთი და უკრაინაც.

"მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ რუსეთი არაპროვოცირებული ფართომასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღიდან კასეტურ საბრძოლო მასალას თავისუფლად იყენებს". - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთს უკრაინის მიმართ დაკისრებული ვალდებულებები მას უბიძებს იმისკენ, რომ კიევს გარკვეული ტიპის იარაღი და ჭურვი არავითარ შემთხვევაში არ მიაწოდოს. 

"არა კასეტურ საბრძოლო მასალას და დიახ უკრაინის ლეგიტიმურ თავდაცვას, რომელიც, ჩვენი გაგებით, არ უნდა მოხდეს კასეტური ბომბების გამოყენებით". - აღნიშნავს რობლესი.

ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ლონდონი, როგორც კონვენციის ერთ-ერთი ხელმომწერი, ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რაც კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებისა და გამოყენების აკრძალვასა და გამოყენებაში ხელის შეშლას გულისხმობს.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული შემოჭრის წინააღმდეგ, თუმცა, ჩვენ ეს მძიმე საბრძოლო ტანკებისა და სხვა იარაღის მიწოდებით ვაჩვენეთ". - დასძენს სუნაკი.

სუნაკი ხვალ, 10 ივლისს ლონდონში, NATO-ს სამიტის წინ, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. სამხედრო ალიანსის სამიტი კი 11 ივლისს, ვილნიუსში დაიწყება და 12-ში დასრულდება.

კომენტარები