რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს გადასცემს

ამერიკელი სამხედრო 155-მმ-იანი კასეტური ჭურვით, რომელიც ცნობილია, როგორც ორმაგი გამოყენების გაუმჯობესებული კონვენციური ჭურვი (DPICM). კემპ ჰოვი, სამხრეთ კორეა, 2016 წლის 20 სექტემბერი.
U.S. Army photo/2nd Lt. Gabriel Jenko

აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს გადასცემს. ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს. კასეტური ჭურვებს კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა.

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების ერთსულოვანი რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

ამავდროულად, პენტაგონში უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადეს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, კოლინ კოლის განმარტებით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზია "გადაუდებელი საჭიროება", რომ უკრაინამ შეძლოს საარტილერიო ბრძოლის გაგრძელება კონტრშეტევის პირობებში. ასევე, კონტრშეტევის ნელი ტემპი.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, კასეტურ ჭურვებთან ერთად, 155 მმ კალიბრის ჭურვებს, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის დამატებით საბრძოლო მასალებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, სათადარიგო ნაწილებს, ოპერატიული მხარდაჭერის აღჭურვილობას და სხვა საბრძოლო მასალებს მოიცავს.


აღსანიშნავია, რომ გერმანია უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგი იყო. კასეტური ბომბების გამოყენების წინააღმდეგი იყო გაეროს გენერალური მდივანიც.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობდნენ, რომ მსგავს ჭურვებს ომის დასრულების შემდეგ ადამიანთა დაშავება შეუძლია. იგივე საკითხი აწუხებდათ თეთრ სახლშიც. თუმცა კასეტურ ბომბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეეძლებათ მაშინ, როცა კონფლიქტი კრიტიკულ ფაზაშია. სწორედ ამიტომ, კაპიტოლიუმში ბევრი კანონმდებლის შეხედულებები შეიცვალა, როგორც ამას გამოცემა WSJ აღნიშნავს.

კასეტური იარაღის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონვენციას ხელი მოწერილი აქვს 110 ქვეყანაზე მეტს, თუმცა სიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყანა არ შედის. კონვენციაზე ხელი არ მოუწერიათ აშშ-ს, უკრაინას, რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, სამხრეთ კორეას, ესტონეთს, ფინეთს, ლატვიას, პოლონეთს, რუმინეთს, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობას.

კასეტური ჭურვები მცირე ზომის ბომბებს შეიცავს, რომლებიც გასროლის შემდეგ ფართო ტერიტორიას ფარავს.

კომენტარები