საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებს ხმა 73-მა დეპუტატმა მისცა.

კანონპროექტი სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ბაია კვიციანმა წარადგინა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ.

"შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში კონტროლის სისტემას გააძლიერებს. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები. დეტალურად გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის, ასევე მისი რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წესები და პირობები, განისაზღვრება აკრედიტაციის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო და კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები. ასევე გაიწერება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის წევრობის წესები, წევრთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებები, საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები და ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები". - აღნიშნულია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ განმატებით ბარათში ხაზგასმულია, რომ კანონპროეტით შეიცვალა კანონის 63-ე მუხლის შინაარსი, რომელიც არეგულირებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნას.

ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა, რომ მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მართვის მიზნით შეუძლიათ შექმნან კოლექტიური მართვის ორგანიზაცია. ამასთან, მუხლით განისაზღვრა ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ მხოლოდ ერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის არსებობის დაშვება.

კოლექტიური მართვის ორგანიზაციას შესაბიმისი საქმიანობისთვის სჭირდება აკრედიტაცია, რომელსაც გასცემს სპეციალურად შექმნილი აკრედიტაციის კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთვარობისა და პარლამენტის წარმომადენლები, ასევე, საქპატენტის თავმჯდომარე.

კომენტარები