NATO-უკრაინა

თეთრი სახლი: გაწევრიანებამდე NATO-ს ქვეყნების სტანდარტისთვის უკრაინას რეფორმები სჭირდება

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გაიმეორა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის პოზიცია, რომ NATO-ს კარი უკრაინისთვის ღიაა, თუმცა კიევს, გაწევრიანებამდე, დასჭირდება რეფორმების გატარება, რათა ალიანსის სხვა წევრების მსგავსი სტანდარტი ჰქონდეს.

"პრეზიდენტმა [ბაიდენმა] რამდენჯერმე გაიმეორე, გაწევრიანებამდე, უკრაინას სჭირდება რეფორმების მიღება, რათა ჰქონდეს იგივე სტანდარტები, რაც NATO-ს ყველა სხვა ქვეყანას აქვს. ის ფიქრობს, რომ უკრაინას ამის გაკეთება შეუძლია". – თქვა ჟან-პიერმა ბრიფინგზე და დაამატა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება.

ჟან-პიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გადაწყვეტილება დამოკიდებულია NATO-ს 31 წევრისა და ასპირანტი ქვეყნის პოზიციაზე.

NATO-ს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს, ლიტვაში გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზეც ისაუბრებენ. წინასწარი ინფორმაციით, 11-12 ივლისს უკრაინის NATO-ში მიწვევა არ იგეგმება. 

კომენტარები