ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ სამშაბათს, 4 ივლისს მიიღო დასკვნითი რეზოლუცია, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ინფორმაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრი და უკრაინის პარლამენტის წევრი, ევგენია კრავჩუკი ავრცელებს.
რეზოლუციის მიხედვით, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები ვაგნერის, მისი შვილობილი და მემკვიდრე სტრუქტურების წინააღმდეგ, კერძოდ, გამოაცხადონ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციად.
რეზოლუცია ასევე "მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც მკაფიოდ აღიარებენ ვაგნერის ჯგუფის ტერორისტულ ბუნებას და მის ქმედებებს" და "რუსეთის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორის პასუხისმგებლობას".
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა - მან შესაბამისი რეზოლუცია 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ამჟამად ერთადერთი ევროპული უსაფრთხოების ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას. მისი მთავარი ამოცანაა კონფლიქტების თავიდან აცილება, მშვიდობის მონიტორინგი და არჩევნებზე დაკვირვება.