ევროკომისია

EU უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 7 მარტს ბრიუსელში
Kenzo Tribouillard/AFP

ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აუცილებელია, ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე გადახედოს ბლოკის გაფართოების საკითხს. ამის შესახებ მან ესპანეთის პრემიერმინისტრთან პედრო სანჩესთან ერთად ევროკომისრებისა და ესპანეთის მთავრობის შეხვედრაზე ისაუბრა. 

"შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე იარსებებს? და შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ევროპის ეს ნაწილები რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ იარსებებს? [ამის წარმოდგენა] შეუძლებელია". - თქვა მან.

ესპანეთში გამართული შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერის საკითხიც იყო.

"უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაორმაგოთ. თითქმის 500 დღე გავიდა რუსეთის სასტიკი შემოჭრიდან. ახლა ჩვენი მოვალეობაა გამოვიჩინოთ უკრაინელების მსგავსი გამძლეობა. ეს გულისხმობს სანდო და რეგულარულ ფინანსურ მხარდაჭერას". - თქვა ლაიენმა.

ევროკავშირის ოფიციალური პირების შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ ბლოკის ინსტიტუტებმა და 27 წევრმა ქვეყანამ უკრაინას დაახლოებით 75 მილიარდი ევროს დახმარება, იარაღი და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს. ამასთანავე, უკრაინის ეკონომიკის აღდგენისთვის ევროკავშირი ყოველთვიურად 1.8 მილიარდ ევროს გამოყოფს.

კომენტარები