Tbilisi Pride

ომბუდსმენი: უმნიშვნელოვანესია, Pride ძალადობის გარეშე ჩატარდეს, LGBT+ თემის უფლებები დაცული იყოს

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი Pride-ის კვირეულს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს LGBT+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.

"ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში. ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას". – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება და უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.

Pride-ის კვირეული 2 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, ბოლოს კი Tbilisi Pride Festival-ით დასრულდება.

კომენტარები