რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი სამხედრო მეთაურებს ჩრდილოეთ საზღვრის გამაგრებისკენ მოუწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს უკრაინის ჩრდილოეთით საზღვრის გამაგრებისკენ მოუწოდა. მიზეზი სავარაუდოდ ვაგნერის დაჯგუფების დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში გამგზავრების შედეგად მომდინარე საფრთხეა. 

ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო სამსახური თვალ-ყურს ადევნებს ბელარუსში მიმდინარე პროცესებს.

"გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ და ჩრდილოეთის დანაყოფის მეთაურმა, გენერალმა სერგეი ნაევმა ამ მიმართულების გასაძლიერებლად შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ". - თქვა ზელენსკიმ სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების შეხვედრის შემდეგ. მიმართვაში მას თავად პრიგოჟინის სახელი არ უხსენებია. 
 


რუსეთში ჩაშლილი ამბოხების შემდეგ, სამხედრო საქმიანობის გასაგრძელებლად ვაგნერი ლუკაშენკომ ბელარუსში მიიწვია. 27 ივნისს ბელარუსში ჩავიდა ევგენი პრიგოჟინიც.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე მიტოვებული სამხედრო ობიექტის სატელიტურ გამოსახულებებზე ბოლო დღეებში გამოჩენილი კონსტრუქციები მიუთითებს, რომ აქ ვაგნერის ჯგუფი სამხედრო ბაზის სწრაფად მოწყობას ცდილობს.

აღნიშნულს ადასტურებს რუსული მედიაც, რომლის მიხედვითაც მინსკიდან 90 კილომეტრში მდებარე ქალაქ ასიპოვიჩის მახლობლად, მიტოვებულ სამხედრო ობიექტზე ვაგნერის სამხედროებს ახალი ბაზის შექმნა შეუძლიათ.

კომენტარები