მეცნიერული აღმოჩენა

მეცნიერებმა ირმის ნახტომის ნეიტრინოებით დანახული გამოსახულება შექმნეს

ნეიტრინოების საშუალებით დანახული ირმის ნახტომი
ICECUBE/NSF

ანტარქტიდის ყინულში ჩამარხული ასტრონომიული დეტექტორის დახმარებით მეცნიერებმა ირმის ნახტომის ნეიტრინოებით დანახული გამოსახულება შექმნეს.

მეცნიერების მიერ "მოჩვენება ნაწილაკებად" მონათლული ნეიტრინოები ელექტრონულად ნეიტრალურები არიან, მასა თითქმის არ გააჩნიათ, მთელი გალაქტიკა სინათლის სიჩქარით შესაძლოა ისე გაიარონ, რომ არაფერთან იურთიერთქმედონ და მათი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ნეიტრინოების დასანახად მეცნიერებმა და ინჟინრებმა ანტარქტიდული ყინულის ბლოკი დეტექტორად გადააქციეს და მას ყინულის კუბი (IceCube) დაარქვეს. 

დეტექტორი სამხრეთ პოლუსთან ახლოს, 1 კუბურ კილომეტრ ყინულში ჩამარხულ გრძელ კაბელებზე მიერთებული ათასობთ სენსორისგან შედგება. სენსორები ყინულის მილიარდობით მოლეკულიდან რომელიმეზე ნეიტრინოს ურთიერთქმედებას აღიქვამენ. იმის მიხედვით, თუ რომელი სენსორი ამოქმედდა და რა დროს, მეცნიერები ნეიტრინოს მიმართულებას განსაზღვრავენ და ადგენენ საიდან მოვიდა ნაწილაკი. ამ მეთოდით სამყაროს აბსოლუტურად ახლებურად დანახვაა შესაძლებელი.

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს გალაქტიკას [სინათლის] ფოტონების გარდა სხვა ნაწილაკებითაც ვუყურებთ". - თქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, სუბირ სარკარმა.

აქამდე ადამიანი ირმის ნახტომის, ისევე როგორც მთელი სამყაროს გამოსახულებას მხოლოდ სინათლის ნაწილაკების საშუალებით იღებდა. აღმოჩენით კოსმოსში მიმდინარე ფიზიკური პროცესების დაკვირვება ახლებურადაა შესაძლებელი.

ფილადელფიის დრექსელის უნივერსიტეტის პროფესორის, ნაოკო კურაჰაში ნილსონის თქმით, ყინულის კუბზე მომუშავე გუნდი მომდევნო 5-10 წელიწადს იმ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის გამოიყენებს, რომელთა "დასმაც ბოლოს და ბოლოს შეგვიძლია".

კომენტარები