რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ბავშვების დეპორტაციის საქმეზე სამ ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს – REUTERS

Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ხერსონიდან ათობით ბავშვის დეპორტაციის საქმეზე რუს პოლიტიკოსსა და 2 უკრაინელ თანამონაწილეს ბრალი წარუდგინა. ეს არის პირველი 3 ეჭვმიტანილი, რომელიც საქმის წარმოებისას გამოიკვეთა.

უკრაინული მხარის მტკიცებით, 19 000-ზე მეტი არასრულწლოვანი რუსეთსა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკანონოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინულმა წყარომ Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ბავშვების დეპორტაციაზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად აწარმოებს. 

Reuters-ის ინფორმაციით, პროკურატურის დოკუმენტების თანახმად, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ხერსონის ბავშვთა სახლიდან 48 მოზარდი მოსკოვსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გადაიყვანეს. ბავშვების ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. მათი ასაკი 1-დან 4 წლამდე მერყეობს. 

"ეს ერთი დღის საქმე არ იყო. ხერსონის ბავშვთა სახლიდან 48 ბავშვის იძულებითი დეპორტაცია მოხდა, წაიყვანეს. არ ვიცით, როგორ არიან ეს ბავშვები, რა პირობებში უწევთ ცხოვრება, ან რა ბედი ელით". - თქვა უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, შესაძლებელია ბავშვების ნაწილი უკანონოდ გააშვილეს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 


29 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. 

"1948 წელს მიღებული გენოციდის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის (ე) პუნქტის თანახმად, ბავშვების იძულებითი გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში იმ მიზნით, რომ სრულად, ან ნაწილობრივ გაანადგურო ეს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის დანაშაულად არის მიჩნეული. უკრაინელი ბავშვების რუსეთსა და მის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები შეესაბამება აღნიშნულ კრიტერიუმებს". - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაცია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ბავშვთა სახლებიდან ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებამდეც ხდებოდა. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ დანაშაულებისთვის სამართლებრივი პასუხისგების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა. 

ომის დაწყებიდან ეს პირველი ოფიციალური საერთაშორისო დოკუმენტია, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად მოიხსენიებს. 

კომენტარები