საფრანგეთი

საფრანგეთში მოზარდის მკვლელობის გამო გამართულ აქციებზე, სულ მცირე, 875 ადამიანი დააკავეს

REUTERS

საფრანგეთში პოლიციის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობას დემონსტრაციები მოჰყვა. მოსახლეობა და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებების დროს პოლიციამ, სულ მცირე, 875 ადამიანი დააკავა

დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის პარიზის გარეუბანში, ნანტერში მოხდა - იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ 17 წლის მოზარდი მოკლეს. ასევე, სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ მარსელშიც. მოგვიანებით, საფრანგეთის ელიტარული პოლიციის ძალები ათამდე ქალაქში განლაგდნენ, რათა ხელისუფლებას საპროტესტო ტალღის შეკავებაში დაეხმარონ. მათ შორის: ბორდოში, ლიონში, რუბეში, მარსელსა და ლილში.

დღეს, 30 ივნისს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან თქვა, რომ ნაჰელის სიკვდილს ინსტრუმენტად იყენებენ  და მოზარდის სიკვდილით ექსპლუატაცია მიუღებელია.

"არსებული ვითარება მიუღებელი და გაუმართლებელია". - აღნიშნავს მაკრონი. ასევე, პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა, თუმცა, განმარტა, რომ გატარდება რიგი ღონისძიებები საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარსელში დღეს, 30 ივნისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას საღამოს 7 საათზე შეწყვეტს და საზოგადოებრივი დემონსტრაციები აიკრძალება.

მოზარდს, რომელიც წარმომავლობით ჩრდილოეთ აფრიკიდან იყო, პოლიციის თანამშრომელმა სავარაუდოდ მას შემდეგ ესროლა, რაც მისი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. ოფიცერი ამჟამად დაკავებულია და მისი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. პარიზის გარეუბნებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ძალის გამოყენებას საფრანგეთის მოსახლეობა აქამდეც აპროტესტებდა. მოქალაქეები ქუჩაში ეთნიკურად მრავალფეროვან უბნებში სამართალდამცავების სისასტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

28 ივნისს, პროტესტის მეორე დღეს დამატებით 2000 პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული. პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დემონსტრანტებმა დაწვეს ათობით მანქანა, ცეცხლი წაუკიდეს და თავდასხმა სცადეს მერიის, ბანკის, სკოლებისა და პოლიციის განყოფილების შენობებზე. 

"არაფერი, საერთოდ არაფერი ამართლებს ახალგაზრდა კაცის სიკვდილს. მინდა მთელი ერის სახელით გამოვხატო ნაელის სიკვდილთან დაკავშირებით მწუხარება, სოლიდარობას ვუცხადებ მის ოჯახს... ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, რათა სამართლიანობა აღსრულდეს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მდგომარეობის გაუარესებას". - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში. 

კომენტარები