WSJ-ის ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები წინასწარ გამოძიებაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ჩინეთის სათვალთვალო ბუშტი, რომელიც ამ წლის დასაწყისში აშშ-ს თავზე დაფრინავდა, დატვირთული იყო ამერიკული წარმოების აღჭურვილობით და ამ უკანასკნელის დახმარებით მოწყობილობა ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა.
თავდაცვისა და სადაზვერვო სააგენტოებმა, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად, გააანალიზა ის ნამსხვრევები, რომლებიც ამოღებულ იქნა მას შემდეგ, რაც აშშ-ს სამხედროებმა თითქმის ხუთი თვის წინ ბუშტი ჩამოაგდეს.
კვლევამ აჩვენა, რომ ბუშტი სავსე იყო მარტივად ხელმისაწვდომი ამერიკული ხელსაწყოებით, რომელთა ნაწილის შეძენა ონლაინადაც არის შესაძლებელი. ეს ხელსაწყოები დაკავშირებული იყო უფრო სპეციალიზებულ ჩინური წარმოების სენსორებთან და სხვა აღჭურვილობასთან, რათა ჩინეთში გადასაცემად ინფორმაცია შეგროვებულიყო.
უწყებების ცნობით, ეს შედეგები ამყარებს დასკვნას, რომ ბუშტი განკუთვნილი იყო ჯაშუშობისთვის და არა ამინდის მონიტორინგისთვის, როგორც ამას პეკინი ამტკიცებდა.
აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია.
ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს დიქტატორი ენტონი ბლინკენის მიერ პეკინში დიპლომატიური დაძაბულობის შესამცირებლად გამართული ვიზიტის შემდეგ უწოდა. ეს შეფასება ჩინეთმა "უკიდურესად აბსურდულ და უპასუხისმგებლოდ" შეაფასა.