დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ შეტაკებები მოხდა

აზერბაიჯანელი სამხედრო და პოლიციელი ქალბაჯარის რაიონში, 2020 წლის 21 დეკემბერი.
Reuters

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისა და მთიანი ყარაბაღის რაიონში დაძაბულობა გრძელდება.

როგორც სომხურ მედიაში წერენ, 28 ივნისის 01:30-ზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს ყარაბაღელი სეპარატისტი სომხების ფორმირებებს მართუნისა და მართაკერპის მიმართულებით. ამავე ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. შეტაკებების შედეგად, სომეხი სეპარატისტების ცნობით, დაიღუპა 4 მებრძოლი.

შეტაკებები, როგორც ჩანს, 27 ივნისს განახლდა. ამ დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ 20:05-ზე სომხური ფორმირებების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა ერთი ჯარისკაცი. უწყება აღნიშნავდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელდებდა ცნობას საპასუხო ზომების შესახებ.

ამას გარდა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანელ სამხედროებს ბრალად სდებდა 27 ივნისს, დღის საათებში უცხოური ინვესტიციით მშენებარე საწარმოს მიმართ ცეცხლის გახსნას ერასხის რაიონში, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ესაზღვრება.

პარალელურად, აშშ-ს შუამავლობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების მცდელობა გრძელდება. აშშ-ში 28 ივნისს ერთმანეთს შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები, ჯეიჰუნ ბაირამოვი და არარატ მირზოიანი. აქამდე, 27 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

რამდენიმე სასაზღვრო შეტაკება გასულ კვირაშიც, ასევე აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების პარალელურად მოხდა.


ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები