ქართული ოცნება

ლაშხი მედიას: ეცადეთ არაპროვოკაციული კითხვები დასვათ, რომ შესაბამისი პასუხი არ მიიღოთ

"მეც მოგიწოდებთ მედიას, იმისათვის, რომ კიდევ მეტად არ გაღვივდეს ეს პოლარიზება, ეცადეთ არაპროვოკაციული კითხვები დასვათ, რომ არ მიიღოთ შესაბამისი პასუხები, რაც კიდევ მეტად აღვივებს" – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მარიამ ლაშხი დეპუტატ ნინო წილოსანის სიტყვებს, რომ მმართველი პარტიის წევრები ოპონენტების მიმართ დაპირებებს შეასრულებენ.

"ნინო წილოსანმა თვითონაც გიპასუხათ, რომ არასწორად ინტერპრეტირებთ. [...] ძალადობის მოწოდება არ შეიძლება იყოს არცერთი მხრიდან, შესაბამისად, ვგმობ ყველანაირ ძალადობას. ზოგადად, როდესაც ოპონენტები რუსებს გეძახიან, არაა სწორი. ცოტა ხნის წინ ირლანდიის წარმომადგენლობა გვყავდა და ზუსტად ჰქონდათ გაწერილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, საქართველომ უნდა გადმოიღოს. პირდაპირაა გაწერილი პარლამენტის ეფექტური მუშაობისათვის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები და ერთმანეთის მიმართ მსგავსი ტიპის ძახილები არ შეიძლება იყოს". – თქვა მარიამ ლაშხმა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს" – 27 ივნისს ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ენმ-ს დეპუტატ ანა წითლიძეს, რომელმაც თქვა, რომ მმართველი პარტიის წევრებს არა პრორუსები არამედ, რუსები უწოდა.

წითლიძე 26 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას სიტყვებს გამოეხმაურა.

"ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. ჯერ მორალურად მიიღებს და თუ არ მოისვენებს, შეიძლება, მერე ცოტა მეტიც მიიღოს". – თქვა ოდიშარიამ.

კომენტარები