რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი თავისი ქვეყნის რეპუტაციას ისტორიულ სიბინძურეში თელავს – პოდოლიაკი

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას გამოეხმაურა. პოდოლიაკის თქმით, ორბანი თავისი ქვეყნის რეპუტაციას ისტორიულ სიბინძურეში თელავს. 

პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ დროა, ორბანმა გააცნობიეროს, რომ უკრაინა, რომელიც 489 დღეა, თავის თავისუფლებას იცავს და ეფექტიანად უწევს წინააღმდეგობას პოსტსაბჭოთა ნეოიმპერიას, რომელსაც ისტორიული სერიული მკვლელის თვისებები გააჩნია, აბსოლუტურად სუბიექტური და სუვერენულია თავის პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებში.

"კითხვა იმაშია, რამდენად სუბიექტურია თავად ორბანი, თუკი ის ასე ღიად ამცირებს ევროპულ ღირებულებებს, მკაცრად მისდევს რუსულ პროპაგანდისტულ მითებს. რამდენად არ უნდა სცემდე პატივს უნგრეთს, რომ ასე ცინიკურად გათელო საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია ისტორიულ სიბინძურეში". - წერს პოდოლიაკი. 


27 ივნისს, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა სუვერენული ქვეყანა აღარ არის, რადგან ის დასავლეთის მხარდაჭერაზე დამოკიდებული გახდა, კერძოდ, აშშ-ის ნებაზე. ამის შესახებ ორბანმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"მთავარია, რისი გაკეთება სურთ ამერიკელებს. უკრაინა აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. ფული არ აქვთ. იარაღი არ აქვთ. მათ შეუძლიათ ბრძოლა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათ დასავლეთში მხარს ვუჭერთ. შესაბამისად თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ სურთ მშვიდობა, იქნება მშვიდობა. ის, რომ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ომი მოიგონ, სიტუაციის არასწორად გაგებაა. მე ვსაუბრობ ომის დასრულებაზე და პრობლემა ის არის, რომ უკრაინელებს რუსებზე ადრე ამოეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა და ეს იქნება გადამწყვეტი საბოლოო ფაქტორი". - თქვა ორბანმა.

ამასთან, ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინელების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსებთან მოლაპარაკებების დაწყება, უსაფრთხოების არქიტექტურაზე შეთანხმება და უკრაინის ადგილის პოვნაა ამ ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

გარდა ამისა, ორბანმა უკრაინის NATO-ში შესვლის შესახებ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში მყოფი ქვეყანა არ შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი. კითხვაზე მიიჩნევს თუ არა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავედ, უნგრეთის პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა: "არა, მე არ მივიჩნევ". 

პარალელურად, ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის.

"მე ვიბრძვი უნგრეთისთვის. მე არ მაინტერესებს პუტინი. მე არ მაინტერესებს რუსეთი. მე ვზრუნავ უნგრეთზე. ასე რომ, რასაც მე ვაკეთებ, არის უნგრელებისთვის კარგის მომტანი პოზიციები და ქმედებები. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, უნგრელებისთვის ცუდია. ეს საშიშია უნგრელებისთვის. ჩვენ დავკარგეთ ხალხი, იქ უნგრელი უმცირესობები ცხოვრობენ. ომის საშიშროება ჩვენს სამეზობლოშია. ეს თქვენს სიტუაციას არ ჰგავს. თქვენ გერმანელები ხართ, თქვენ გაქვთ პოლონეთი და უნგრეთი რუსეთსა და უკრაინის ომს შორის". - თქვა ორბანმა.

კომენტარები