ახალი მეჩეთი ბათუმში

TDI: უზენაესმა სასამართლომ ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე სააპელაციოს დაუბრუნა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI-ის) ცნობით, ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. ორგანიზაციის განმარტებით, მეჩეთის მშენებლობის კანონიერი მოთხოვნა მუსლიმი მოსახლეობის მრავალწლიანი საჭიროებიდან გამომდინარეობს და ამ დრომდე გადაუჭრელ საკითხად დგას.  

"2023 წლის 25 მაისის განჩინებით, უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (მოსამართლეთა შემადგენლობით: მაია ვაჩნაძე, ქეთევან ცინცაძე და ბიძინა სტურუა), ნაწილობრივ დააკმაყოფილა “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის” და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა". - წერს TDI.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ "ცალსახაა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულიად სუბიექტური, მცდარი და რელიგიის თავისუფლების უფლების არსთან შეუთავსებელი ინტერპრეტაციები წარმოადგინა". ორგანიზაციების განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების და გამოყენებული საქმეების კონტექსტის შეცვლა, გარდა იმისა, რომ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს, ეწინააღმდეგება, სეკულარული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს.

"როგორც ცნობილია, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით (რომელმაც უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) დაადგინეს:

1. ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა (იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვს მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა);

2. ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის ფარგლებში წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან მერიამ არ გამოიკვლია ყველა საჭირო გარემოება, უგულებელყო მუსლიმთა მნიშვნელოვანი ინტერესი და პრიორიტეტი მიანიჭა ქალაქის ამ ზონის საცხოვრებელი მიზნით განაშენიანების აბსტრაქტულ ინტერესს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მუსლიმების მოთხოვნა, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაცვლად, პირდაპირ დაევალებინა ბათუმის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება. 

უზენაესმა სასამართლომ მუსლიმთა თემის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან გაიზიარა ფონდის არგუმენტი, რომ რადგან სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის მიზნით მას არსებითად საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა საკითხი და მერიისთვის აღარ უნდა დაებრუნებინა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ არ დაავალა მერს მშენებლობის ნებართვის გაცემა, არამედ საქმე სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა ხელახლა განსახილველად.

უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარიც. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას ,,საცხოვრებელ ზონა 6-ში” (ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი) მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული.” ვინაიდან მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობაზე არ ფიქსირდებოდა ბათუმის მერიისათვის მიმართვის ფაქტი, სასამართლომ ეს მოცემულობა არ ჩათვალა საკმარისად ამ ორი ჯგუფის შედარებისათვის დისკრიმინაციის გამოსაკვეთად. უზენაესი სასამართლო ვიწროდ დაეყრდნო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებებს, რომლის მიხედვითაც საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. 

უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზეც იმსჯელა (ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში), რომელშიც სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა მეჩეთის მშენებლობის ინტერესს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ ინტერესთან მიმართებით. მან სააპელაციო სასამართლოს დაავალა, რომ საფუძვლიანად შეაფასოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო გარემოება და ამაზე დაყრდნობით დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში რომელი ინტერესია უპირატესი - მუსლიმების რელიგიური ინტერესი თუ ადგილობრივ მცხოვრებთა საცხოვრებელი ინტერესი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ მუსლიმთა უფლებების, არამედ ზოგადად თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით, რაც მომავალში საზიანო იქნება ზოგადად ამ კუთხით ქვეყანაში არსებული უფლებრივი მდგომარეობისათვის. მაგალითად, სასამართლომ თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მუსლიმები კი არიან არსებითად თანასწორნი, მაგრამ მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაზე არასდროს გაცემულა ზონალური შეთანხმება „საცხოვრებელ ზონა 6-ში“ ტაძრის აშენებისთვის და ეკლესიას არც არასდროს მიუმართავს მერისთვის ამ მოთხოვნით. ამგვარი მსჯელობით უზენაესმა სასამართლომ სრულიად ჩამოაშორა საქმეს ის კონტექსტი, რომ მხოლოდ ფორმალურად ნებართვის გაცემა და არგაცემა კი არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ ერთი მხრივ, ერთი გაერთიანებისთვის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა, ხოლო სხვის მიერ მშენებლობის უნებართვო განხორციელების იგნორირება. საკასაციო სასამართლომ კონტექსტის გაუთვალისწინებლად მოიშველია პრინციპი “არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში”, თუმცა, არ იმსჯელა იმაზე, რომ ეს პრინციპი, შესაძლოა, სახელმწიფომ გამოიყენოს დისკრიმინაციის ლეგიტიმაციისთვის.

უზენაესი სასამართლო მსჯელობს ამ ზონაში არსებული 7 მართლმადიდებლური ტაძრის უნებართვო მშენებლობის საკითხზე და ერთობ უცნაურ მსჯელობას ავითარებს. სასამართლოს არგუმენტად მოჰყავს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი, რომლის მიხედვით “სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული”. ამის საფუძველზე კი ასკვნის, რომ ბათუმის მერია შეზღუდულია სამართლებრივი ბერკეტით, რაიმე ზემოქმედება განახორციელოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არასწორად განმარტა. ეს დებულება, თავისი არსით, ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ უკანონო მშენებლობის განხორციელებისა და, შემდეგ, ლეგიტიმაციის უფლებას. შეუძლებელია, კონსტიტუციური შეთანხმების მიზანი იყოს საკუთრების უფლების წინასწარი დადგენა სამომავლო და უკანონოდ მოპოვებულ/აშენებულ ქონებაზე.  

უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა საჯარო და კერძო ინტერესებზეც. რელიგიური გაერთიანების ინტერესი, გახსნას საკულტო/თაყვანისცემის ადგილი, უნდა იყოს სათანადოდ დაბალანსებული საზოგადოებრივ წესრიგსა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებთან. უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიანიჭა უპირატესობა მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსარჩელის კერძო ინტერესს, რომ სათანადოდ არ უმსჯელია იმ საჯარო თუ საზოგადოებრივ ინტერესზე, რომელიც შესაძლოა ობიექტურად დაპირისპირებოდა კონკრეტულ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნას. ამდენად, უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს, რელიგიური გაერთიანების საკულტო ნაგებობის მშენებლობის ინტერესი მომეტებულად ხომ არ ზღუდავს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს". - ვკითხულობთ TDI-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები