რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკიტასა და ტიგრანის ისტორია – სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ოკუპანტებმა დახოცეს

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკიტასა და ტიგრანის ისტორია – სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ოკუპანტებმა დახოცეს

გასულ კვირას ორი 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ბერდიანსკში რუსეთის უშიშროების ძალებთან შეტაკებებს ემსხვერპლა

შაბათს, 24 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ დაჭრილ ტიგრან ოგანესიანს, რომელსაც ცალი ხელი სისხლიანი აქვს, კალთაში კი კალაშნიკოვი უდევს.

"ორი უეჭველად. მორჩა, ბიჭებო, ეს სიკვდილია. მშვიდობით. დიდება უკრაინას". - ამბობს ახალგაზრდა მოკლე ვიდეოში, რომელიც მოულოდნელად წყდება.

ვიდეოს მიხედვით, როგორც ჩანს, ტიგრანი იუწყება, რომ მათ ორი რუსი ოკუპანტი მოკლეს.

ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. ხელმძღვანელმა, ვლადიმერ როგოვმა ორი უკრაინელი პარტიზანის - ტიგრანისა და მისი კლასელის ნიკიტა ხანგანოვის მოკვლის შესახებ 25 ივნისს განაცხადა.

"ბერდიანსკში სროლის დეტალები: მოკლულია ორი პროუკრაინელი ტერორისტი. დაახლოებით 19:00 საათზე, როდესაც მოსახლეობა ოჯახებთან ერთად ქალაქის სანაპიროზე ისვენებდა, ორმა ბოევიკმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა". - ვკითხულობთ როგოვის Telegram-ზე

უფლებადამცველები ცდილობენ გაიგონ, რა მოხდა სინამდვილეში. მშობლებს ჯერ შვილების ცხედრები არ უნახავთ. ნაცვლად ამისა, აქტიურად კითხავენ და ჩხრეკენ დაღუპული ახალგაზრდების ნათესავებს. რაც, თავის მხრივ, აჩენს ეჭვს, რამდენად სწორია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ძირითადი ვერსია - მართლა დაესხნენ თუ არა თავს ბიჭები პოლიციელებს.

მშობლებს სჯერათ, რომ ტიგრანის ჩაწერილი ვიდეო დადგმულია იმისთვის, რომ საოკუპაციო რეჟიმს ახალგაზრდების სიკვდილი გაემართლებინა.

ბიჭების ისტორია ოკუპირებულ ტერიტორიაზე –ქრონოლოგიურად

ორგანიზაცია მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი ოლგა რეშეტილოვა ორი ახალგაზრდის მკლელობასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს აქვეყნებს.

  • მისი განმარტებით, ყველაფერი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც "გამომძიებლებმა" ტიგრანი სახლიდან გაიტაცეს და ხუთი დღის განმავლობაში აწამეს

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ბიჭის ოჯახმა თავშესაფარი გერმანიაში იპოვა - ისინი გეგმავდნენ დაბრუნებას, თუმცა უმცროსი შვილი ავად გახდა და ამიტომ სამშობლოში დაბრუნება გადაიდო. ტიგრანი ბებიასთან ერთად დარჩა

30 სექტემბრის ღამეს იმ სახლთან, სადაც ბიჭი და ბებია მარტო ცხოვრობდნენ, კამაზი და რვა ჯიპი უკრაინული ნომრებით მივიდა. მანქანებიდან რუსული სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 20 ჯარისკაცი ძაღლებით გადმოვიდა - ისინი რუსულად საუბრობდნენ, ზოგს კავკასიური აქცენტი ჰქონდა.

"დილის 2 საათიდან 4:50 საათამდე რუსებმა სახლი გაჩხრიკეს, დედაჩემსა და ჩემს შვილს ავტომატით სცემეს. სამხედროებმა წაიღეს კომპიუტერები, ლეპტოპები, ბავშვის პლანშეტი, ტელეფონები და საკვები. რაც ვერ მოიპარეს, დაამსხვრიეს". - ამბობს ტიგრანის დედა, ოქსანა სტაროვიეროვა.

რუსებმა ბიჭის ბებიას აუხსნეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ მისამართზე განსაკუთრებით საშიში დამნაშავე ცხოვრობდა. კონკრეტულად ვინ - არ განუმარტავთ. სამაგიეროდ, ტიგრანი წაიყვანეს.

თავდაპირველად ბიჭი სრულწლოვან პატიმრებთან ერთად საერთო საკანში იყო, მოგვიანებით კი იგი სამარტოო საკანში გადაიყვანეს. ტიგრანის ბებია ყოველდღე მოდიოდა პოლიციის განყოფილებაში და შვილიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა

  • 2022 წლის 2 ოქტომბერს, დაკავების მესამე დღეს, სამხედროებმა განაცხადეს, რომ ბიჭს სიცხე ჰქონდა, მას საბანი მისცეს, ქალს კი მაისურის მოტანა სთხოვეს.

"ჯარისკაცმა, რომელმაც დედაჩემს ნივთები გამოართვა, ტელეფონით ჩემი შვილის ფოტო აჩვენა. ფოტოზე იგი კუთხეში შეღებილ კედელთან, საბანში გახვეული იჯდა და მის გვერდით იდო ჩვენი გაგზავნილი ნივთები. პოლიციელმა დედაჩემს უთხრა: "არ ინერვიულო, მას მოსწონს აქ". - ამბობს ოქსანა.

  • 5 ოქტომბერს ბიჭი მოულოდნელად გაათავისუფლეს. შესაძლოა მას შემდეგ, რაც დედამ მედიაში ინფორმაცია გაავრცელა.

როდესაც ტიგრანი სახლში დაბრუნდა, ოჯახმა გაიგო, რომ რუსებმა ის დაკითხვის დროს აწამეს.

იმავე დღეს, როდესაც რუსმა სამხედროებმა ტიგრან ოგანესიანი გაიტაცეს, მივიდნენ ნიკიტა ხანგანოვთანაც. ამ დროისთვის ოჯახი სახლში არ იყო, ამიტომ სამხედროები წავიდნენ.

  • ოქტომბრის პირველ ნახევარში სამხედროები ბიჭის სახლის შესამოწმებლად დაბრუნდნენ, ნიკიტა და მამამისი განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც დაკითხეს და გაათავისუფლეს.

მას შემდეგ ოკუპანტები რეგულარულად კითხავდნენ ტიგრანს და ნიკიტას და ჩხრეკდნენ მათ სახლებს. ბავშვები ვალდებულნი იყვნენ ყოველდღე გამოცხადებულიყვნენ პოლიციის განყოფილებაში.

  • 2023 წლის 24 მაისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ბიჭებს რკინიგზაზე დივერსიის მომზადებისთვის ბრალი წაუყენა. მათ 10-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ მოზარდები წამების მსხვერპლნი იყვნენ: პოლიციელები მიმართავდნენ დაკითხვის სასტიკ ფორმებს, იყენებდნენ ელექტროშოკს, რადგან გამომძიებლები ცდილობდნენ მათთვის იძულებით ეღიარებინათ მელიტოპოლის რკინიგზის დივერსიის დაგეგმვა.

როდესაც შემთხვევას ნათელი მოეფინა, ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიჭების გათავისუფლება და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანა, თუმცა რუსებმა მტკიცე უარი განაცხადეს.

  • უკვე ივნისში ბოლო რამდენიმე კვირა ბიჭებზე წნეხი გაიზარდა.

მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ტიგრანის სახლში გამომძიებელი მივიდა შეიარაღებული კოლონით, მაგრამ ტიგრანი და ნიკიტა სახლიდან გაიქცნენ და საოკუპაციო პოლიციას დაემალნენ. ამ დროს ტიგრანმა დედას დაურეკა, რომელიც უმცროს შვილებთან ერთად გერმანიაში იმყოფება და დახმარება სთხოვა.

  • ტრაგედიის დღეს დილით ნიკიტა და ტიგრანი სახლში დაბრუნდნენ.

დაბრუნებისთანავე მათთან მივიდა გამომძიებელი, რომელთანაც, მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის ინფორმაციით, ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ. თუმცა, კონკრეტულად რაზე საუბრობდნენ, ორგანიზაციისთვის უცნობია.

საღამოს ბიჭები ქალაქში სასეირნოდ წავიდნენ. სროლის შესახებ ცნობების გავრცელებამდე ნახევარი საათით ადრე დედა ტიგრანს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ის მშვიდად იყო და თქვა, რომ სახლში 9 საათისთვის აპირებდა დაბრუნებას.

"ზოგადად საუბრიდან ირკვევა, რომ ოჯახთან შეხვედრას ელოდა, სამომავლო გეგმები ჰქონდა და ცხადია, საკუთარი ინიციატივით სიცოცხლისთვის საშიშ ქმედებებს არ ჩაიდენდა”. - ვკითხულობთ მედია ინიციატივა ადამიანის უფლებებისათვის გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უკრაინის პარლამენტის კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა მოითხოვა ორი მოზარდის მკვლელობისთვის რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრება. მისი თქმით, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

"16 წლის ბიჭები გმირები გახდნენ. ერთ-ერთი მათგანის ბოლო სიტყვა იყო: "დიდება უკრაინას". სიტყვები არ არის საკმარისი იმ სიამაყის აღსაწერად, რომელსაც ახალგაზრდების მიმართ ვგრძნობ: მათ წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპანტებს”. - თქვა ლუბინეცმა.

როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, 24 ივნისის საღამოს 7 საათზე ოკუპანტებმა სკოლის მოსწავლეები დახოცეს - რუსებისთვის ტერორისტები, უკრაინისთვის კი გმირები.

კომენტარები