ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში რჩება – პროცესი 11 ივლისამდე გადაიდო

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების დროს უკანონო ქმედებაში დადანაშაულებული ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე გრიგორიადისმა დარბაზს პირველად მიმართა. მოსამართლემ მორიგი პროცესი 11 ივლისს ჩანიშნა.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები