თურქეთი

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის პრაიდის 50-ზე მეტი მონაწილე დააკავა

REUTERS/Dilara Senkaya

25 ივნისს თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში LGBT საზოგადოების მიერ გამართული პრაიდის შემდეგ პოლიციამ სულ მცირე 50 ადამიანი დააკავა. მანამდე სტამბოლის გუბერნატორმა, დავუთ გულმა Twitter-ზე დაწერა, რომ ტრადიციული ოჯახური სტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ არც ერთ აქტივობას არ დაუშვებენ.

თავდაპირველად პრაიდის მონაწილეებს არ მისცეს ღონისძიების ტრადიციულ ტერიტორიაზე, ტაქსიმის მოედანსა და ისტიკლალის ქუჩაზე გამართვის საშუალება. პოლიციამ მიმდებარე ქუჩებიც დაკეტა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც შეიზღუდა.

მიუხედავად ამისა, ასობით ადამიანი ახალ ლოკაციაზე, სისლის რაიონში მდებარე მისტიკის პარკში შეიკრიბა. ორგანიზატორებმა პრაიდის კვირეულთან დაკავშირებული განცხადება გაავრცელეს და მრავალსართულიანი ავტოსადგომის შენობიდან ცისარტყელას დიდი დროშა გადმოკიდეს.

მარშის შემდეგ პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა. Amnesty International-ის თურქეთის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ერთმა ადამიანმა დაკავების დროს თავის არეში დაზიანებები მიიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მარშის აკრძალვის შემდეგ, პრაიდის სულ მცირე 44 მონაწილე დააკავეს თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირშიც.

თურქული კანონმდებლობით ჰომოსექსუალიზმი დანაშაული არ არის, თუმცა ერდოღანის მთავრობის პირობებში LGBT საზოგადოების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებები დროთა განმავლობაში უფრო მკაცრი ხდება. მაისის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართულ აქციაზე ერდოღანმა ოპოზიციას "პრო-LGBT" უწოდა.

კომენტარები