რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა

REUTERS

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. ახალი სანქციების პირველადი მიზანი წინამორბედთა ეფექტიანობის გაზრდა და სანქციებისთვის გვერდის ავლის შემთხვევებთან ბრძოლაა.

ევროკავშირი გეგმავს მოლაპარაკებები აწარმოოს და ითანამშრომლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთს ევროკავშირიდან ექსპორტირებულ პროდუქციას აწვდიან და სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ ჩაივლის, იგეგმება სწრაფი, პროპორციული და მიზნობრივი ზომების მიღება. თუ ესეც არ იქნება საკმარისი და პრობლემა უცვლელი დარჩება, ევროკავშირი განიხილავს ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას იმ ტიპის პროდუქციაზე, რომელზეც რუსეთის შემთხვევაში მოქმედებს სანქციები. 

სანქციების ახალი პაკეტი ევროკავშირის ქვეყნებიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით ტექნიკისა და სხვადასხვა ტიპის პროდუქციის (რომლებიც სამხედრო დანიშნულებით შეიძლება იყოს გამოყენებული) რუსეთის გავლით ექსპორტს კრძალავს.

რუსეთის სამხედრო და სამრეწველო არსენალის მხარდაჭერისთვის სანქცირებულთა სიას დაემატა 87-მდე სუბიექტი და კომპანია. მათ შორის არიან უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი 4 ირანული კომპანია, რომლებიც საკუთარ პროდუქციას რუსეთს აწვდიან და ის ქვეყნებიც, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ამასთან, ევროპის საბჭომ მაუწყებლობის ლიცენზია კიდევ 5 მედიასაშუალებას (RT Balkan, Oriental Review, Tsargrad, New Eastern Outlook, Katehon) შეუჩერა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად რუსეთის მხრიდან არიან კონტროლირებული და დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავენ მიზნად. 

სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთში დარეგისტრირებული სატვირთოებით პროდუქციის გადატანა იკრძალება. ასევე ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამზიდავ გემებს აეკრძალებათ ევროკავშირის ნავსადგურებში შესვლა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ტვირთი, რომელიც გადააქვთ, რუსული წარმოშობისაა და იმაზე მაღალ ფასად არის შეძენილი, ვიდრე ფასის დადგენილი ზედა ჭერია, ან იმ შემთხვევაში, თუ გემი არღვევს სანქციებს. 


Radio Free Europe/Radio Liberty, რომელმაც ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის დოკუმენტი მოიპოვა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაარსებული საერთაშორისო გადარიცხვების ბანკი (MRB Bank) სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო გადარიცხვების ბანკმა ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში, სადაც რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს. დოკუმენტში საუბარია ბანკომატების დამონტაჟებასა და ლუგანსკის რეგიონში ფილიალის გახსნაზეც.

კომენტარები