ნიკა გვარამიას შეწყალება

ბოკერია: სანამ რეჟიმს შეუძლია ადამიანების ასე დაჭერა, თავისუფლების სამშვიდობოს არ ვართ

ძალიან კარგია, რომ ნიკა გვარამია თავისუფალია, მაგრამ ქვეყანა თავისუფალი არ არის, მანამ, სანამ მას ივანიშვილის რეჟიმი მართავს.

მე მინდა მივულოცო ნიკა გვარამიას, მის ახლობლებს, ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად საზოგადოებას, ვინც ადეკვატურად აფასებდა ამ უმძიმეს პრობლემას. ასეთ ვითარებაში სრულიად გასაგებია ემოციებიც, ეს საქმე ივანიშვილის სტანდარტითაც კი ყველაზე უტიფარი საქმე იყო პოლიტიკურ საქმეებს შორის.

იმის მიუხედავად, რომ ემოცია გასაგებია, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საერთო ვითარების საღი შეფასება. ჩემი მთავარი რიტორიკული კითხვა ამ ამბის შემდეგ არის - არსებითად, გავხდით თუ არა უკეთესი ქვეყანა? რეალურად დავუახლოვდით თუ არა ჩვენს დასავლურ იდენტობას, დასავლურ, ევროპულ მომავალს? სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არის - არა.

ჩვენ წარსულშიც გვახსოვს შეწყალების ინსტრუმენტით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების არაერთი შემთხვევა და დაგროვებული გვაქვს გამოცდილება, რომ ამას ქვეყანა საბოლოო ჯამში წინ არ წაუყვანია, მეტიც, ჩვენ გვქონდა საფუძველი, რომ ამ საქმეებს ივანიშვილი და მისი რეჟიმი იყენებდა როგორც მძევლებით ვაჭრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანამ გვყავს რეჟიმი, რომელსაც ძალუძს, უნდა და შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ასე დაჭერა ასეთ უტიფარ საქმეზე, მანამდე ჩვენი გასაჭირი და პოლიტიკური უბედურება არ არის მოგვარებული.

არ უნდა მოგვატყუოს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის აგრესიულმა, სიძულვილნარევმა რეაქციამ, ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდათ მათ წინა შემთხვევებზეც და ეს მხოლოდ მათ ბუნებაზე მეტყველებს, რომელიც ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაზე უფრო ამაზრზენი ფორმით ჩანს, როცა ახსენებენ საზოგადოებას გვარამიას თავდასხმებს ზურაბიშვილზე. ამით ადასტურებენ, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა ესმით როგორც პირადი ურთიერთობების გარკვევა, ეს არის მათი სახე, მაგრამ ეს არ გვაძლევს ზეიმის საფუძველს.

ვიმეორებ, სანამ არის რეჟიმი, რომელსაც სწორად მიაჩნია ასე დაჭერა ადამიანების და სანამ არის სისტემა, რაც მათ ამის საშუალებას აძლევს, მანამდე ჩვენ თავისუფლების სამშვიდობოს გასულები არ ვართ და არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი გადაწყვეტილება, დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ ამაშიც კი, ვნახეთ ოპოზიციის, მედიის და ჩემთვის პატივსაცემი საზოგადოების ნაწილის რეაქცია, რომელიც იყო აღტკინებული, ეიფორიაში, და ჩვენგან, ყველასგან, ვინც მოვითხოვდით სალომე ზურაბიშვილისგან ამ ნაბიჯს და ვაკრიტიკებდით ამ ნაბიჯის გადაუდგმელობის გამო, ლამის ბოდიშის მოხდას ითხოვენ.ეს არის სრული აბსურდი, ჩვენ სწორს მოვითხოვდით. თუ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ჩვენი მოთხოვნაც სწორი იყო და ბოდიში რისთვის უნდა მოვიხადოთ, რომ დააგვიანა და 400 დღე უდანაშაულო ადამიანი იყო ციხეში?

ის არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, არის სრული აბსურდი. მას თავის დროზე შეწყალებული ჰყავს ოქრუაშვილი ისე, რომ უზენაესს კი არა, სააპელაციო სასამართლოსაც არ ჰქონდა განხილული. თან რა გამოდის, უზენაესს რომ მიეღო გვარამიას საქმე წარმოებაში, კიდევ თვეები უნდა მჯდარიყო ციხეში? ეს არის სისულელე უბრალოდ.

ვიმეორებ, სწორი ნაბიჯი არის სწორი ნაბიჯი, დაგვიანებული, მაგრამ სწორი, მაგრამ აქაც არ უნდა დავკარგოთ ადეკვატურობა.

მთავარი გზავნილი არის - ჩვენი ფოკუსი, ყველასი, ვისაც საფუძვლიანად გაგვიხარდა ნიკა გვარამიას თავისუფლება, უნდა იყოს იმაზე, რომ შეიცვალოს რეჟიმი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ გადაწყვეტილებაზე ნაცმოძრაობის ლიდერების სრულიად ინფანტილური რეაქცია, ისევ აღტაცების, აღფრთოვანების და ზესიხარულის გამოხატვის ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შეფასებისას. როგორც ჩანს, მათ ილუზია აქვთ, ამ შეფასებით ხელს შეწყობენ სააკაშვილის შეწყალებას. ცდებიან ძალიან, მათ დაყვავებაზე ეს არ იქნება დამოკიდებული, მაგრამ ეს ასე რომც მოხდეს, რაც კარგი იქნება, ჩვენი ქვეყნის პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ მას მართავს ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება იყო "დაგვიანებული, მაგრამ სწორი". მისივე თქმით, ემოციების მიუხედავად," არ უნდა დავკარგოთ საერთო ვითარების საღი შეფასება და ფოკუსი".

კომენტარები