წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

ჯეიმს კამერონი: წამყვანი სპეციალისტები აფრთხილებდნენ, ტრაგედია ტიტანიკის ამბავს მაგონებს

ტიტანიკის რეჟისორი ჯეიმს კამერონი ატლანტიკის ოკეანეში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

"არაერთი ადამიანი იყო შეშფოთებული ამ წყალქვეშა ნავით. სიღრმეში ჩაშვების წამყვანი ინჟინრები კომპანიას არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც აღნიშნავდნენ, რომ მგზავრების გადასაყვანად ეს ნავი ზედმეტად ექსპერიმენტული იყო და საჭიროებდა სერთიფიკატს. მე მაოცებს, როგორ გავს ეს ტრაგედია, თავად ტიტანიკის ჩაძირვას. გემის კაპიტანი არაერთხელ გააფრთხილეს, მიუხედავად ამისა, ის სრული სიჩქარით დაეჯახა აისბერგს, რასაც უამრავი ადამიანის დაღუპვა მოყვა. აქაც გაფრთხილებები ყურადღების მიღმა დარჩა და იმავე ადგილას ისევ ტრაგედია განმეორდა. ნამდვილი სიურეალიზმია". – ამბობს კამერონი.

კამერონი თავადაც მოყვარული ოკეანოლოგი და გამოცდილი სიღრმეებში მყვინთავია. ფილმ უფსკრულზე მუშაობისას მან შექმნა ახალი ტიპის კამერა, რომელიც მაღალ წნევას დიდ სიღრმეებზეც უძლებს.

ატლანტიკის ოკეანეში ჩაძირული წყალქვეშა ნავის ამბავს ასევე გამოეხმაურა ტიტანიკის მგზავრების შთამომავალი, მომღერალი King Princess.


წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა OceanGate Expeditions-ის მიერ ორგანიზებულ 8-დღიან ექსპედიციაზე, რომლის ფარგლებში ბორტზე მყოფ ადამიანებს ატლანტის ოკეანეში 3 800 მეტრ სიღრმეზე მყოფი ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინათ. 18 ივნისს კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

ტურისტული ფირმა OceanGate-ის განცხადებით, ეკიპაჟის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველა ვარიანტს განიხილავენ. სამძებრო სამუშაოებში სამთავრობო უწყებებიც არიან ჩართულნი. 

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ე.წ. ზედაპირული ძებნა, იმ შემთხვევაში თუ ნავი ოკეანის ზედაპირზე აღმოჩნდება, მეორე მხრივ, სამძებრო სამუშაოები წყლის სიღრმეში ექოლოკაციით მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ხომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა, გაუგებარია თუ საიდან მოდიოდა ხმები, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა

ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხმაურის წარმოშობის ადგილის მოსაძებნად დაიწყეს, თუმცა, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია. 

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნავზე მყოფი ხუთივე წევრი დაიღუპა.

კომენტარები