ორბელიანების სასახლესთან ევროკავშირის დროშის დაწვის გამო მოძრაობა საქართველო უპირეველეს ყოვლისა წევრი ხატია ჯანაშია 1000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოსტივის ჟურნალისტი ნათია ბერიძე ავრცელებს.
ბერიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საკუთარ პირად გვერდზე ჯარიმის ქვითარს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174.18 მუხლით გათვალისწინებული (ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა) სამართალდარღვევისთვის პირი 1000 ლარით ჯარიმდება.
პოსტივის ჟურნალისტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და წერს, რომ ჯარიმას ძმრად ამოადენს. ამასთან, ნათია ბერიძე მოქალაქეებს თანხის შეგროვებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია 22 ივნისს, პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა. "გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპრიებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც დღეს ვიყენებ".- თქვა პრეზიდენტმა.
გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ორბელიანების სასახლესთან რამდენიმე ადამიანი მივიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათ ადგილზე ხმის გამაძლიერებელი ჰქონდათ მიტანილი და ზურაბიშვილის მისამართით სკანდირებდნენ. "მონა , მოღალატე".-ამბობს აქტივისტი ვიდეოჩანაწერში. ერთ-ერთმა მათგანმა დაწვა ევროკავშირის დროშაც.
2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.





